პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, "ქართული ოცნება" არჩევნების დროს პოპულისტურ დაპირებებს არ იძლევა და მათთვის მნიშვნელოვანი არა ბევრი ლაპარაკი, არამედ საქმეა. ამ თემაზე მან ადიგენში, მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის დროს ისაუბრა.
ბოლო 8 წლის განმავლობაში თქვენ ყველამ კარგად ნახეთ. ჩვენ არ ვართ მომხრე პოპულიზმის და ბევრი ლაპარაკის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქმე. ამ საქმესაც ბევრი პიარი და რეკლამა არ სჭირდება. იმიტომ, რომ ადამიანები ამას თვითონ ხედავენ. ეს არის ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე. ჩვენ, ამ არჩევნების დროსაც, არანაირ პოპულისტურ დაპირებას არ ვიძლევით. გვაქვს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული ნაბიჯებით და კონკრეტული მიზნებით, - თქვა გიორგი გახარიამ.
გახარიას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მიზანი გაზომვადი იყოს. მისი განმარტებით, მათი მიზანი გაზომვადია და არა ფუჭი დაპირებები.