კამპანია "შემოიარე საქართველოს" ფარგლებში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში ჩავიდნენ.
ახმეტის მოსახლეობა, მთავარ პრობლემებად, უმუშევრობას, მოსავლის დაბალ ფასს და უფულობას ასახელებს. გარდა ამისა, ადგილობრივები ყურადღებას ხელისუფლების მხარდამჭერებისგან წინასაარჩევნო შანტაჟზე, ხმების მისაღებად ძალადობით მუქარაზე, დაშინებასა და მოსყიდვაზე ამახვილებენ. მათი თქმით, გამგეობა მოსახლეობას ოპოზიციასთან შეხვედრას უკრძალავს.
ოპოზიციის ლიდერებს ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისში, მალხაზ მაჩალიკაშვილმა უმასპინძლა.
ხელისუფლება აღმოჩნდა ძალიან სასტიკი, დანაშაულის ჩამდენი მთლიანად საქართველოს მასშტაბით, არა მხოლოდ მარტო პანკისის ხეობაში, ამიტომაც საქართველოში მაცხოვრებელმა ხალხმა, გადაწყვიტა ასე, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს, - თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" შეხვედრა გამართა კახეთის სოფელ კონდოლშიც, სადაც სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლების დახმარებას ამ დრომდე უშედეგოდ ელის.
ჩვენ დღეს გვქონდა, არაერთ სოფელში შეხვედრა და ყველგან ვაწყდებით ერთი და იმავე პრობლემებს, ეს არის ძალიან დაბალი შემოსავალი, ცხოვრების გაზრდილი ფასი, და უპერსპექტივობა, ყველა ელოდება გარდამტეხ ცვლილებებს - ამბობს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, სალომე სამადაშვილი.
შეხვედრა გაიმართა კახეთის სოფელ გავაზშიც, სადაც კახეთის ყურძნის მოსავლის 5% იკრიფება, მთავარი პრობლემა მოსავლის დაბალი ფასია. გლეხები ყვებიან რომ ყვარლის მერი რქაწითელის რეალიზებისთვის ყალბ ცნობებს ნათესაობისთვის ამზადებს, ისინი კი ყურძენს ვერ აბარებენ.
ამას ნამდვილად რთველს ვერ დავარქმევთ, ეს იყო ხალხის დაცინვა, უფრო მეტად გაუბედურება და გაღატაკება, - თქვა გიორგი ბოტკოველმა, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა თელავში.
"ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად, კახეთში გამართულ კამპანიაში "ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის" წევრი რესპუბლიკური პარტიაც მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, "შემოიარე საქართველო" გაერთიანებული ოპოზიციის ახალი წინასაარჩევნო კამპანიაა, რომელიც კახეთიდან დაიწყო. მოსახლეობის პრობლემების მოსასმენად და მათთვის პარტიის გეგმების გასაცნობად ნაციონალური მოძრაობის ლიდერები პირველად ლაგოდეხში ჩავიდნენ.