კორონავირუსი "ქართული ოცნების" ბოლო იარაღი ხდება. ოპოზიციის შეხვედრებზე ხალხმრავლობით შეშინებული მმართველი პარტია მოქალაქეების და პოლიტიკური ოპონენტების დაშინებას ცდილობს.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის წევრები, რომლებთან შესახვედრადაც ხალხი არ მიდის, ოპონენტებს ვირუსის გავრცელებაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხალხმრავალი აქციებისგან. ოპოზიცია კი ხელისუფლების წევრებს მოუწოდებს, ხელოვნური რეგულაციებით ამომრჩეველთან შეხვედრების აკრძალვისგან თავი შეიკავონ.
ოპოზიციის ეროვნული მასშტაბის წინასაარჩევნო კამპანია ოცნებისთვის განგაშის საფუძველი აღმოჩნდა. ოპონენტების შეხვედრებზე ამომრჩევლის სიმრავლე, როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის შემაშფოთებელია. უმრავლესობის ლიდერმა როსტომ მეფის სასახლეში საგანგებო ბრიფინგი გამართა და ოპოზიცია COVID19-ის გავრცელების ხელშეწყობაში ღიად დაადანაშაულა.
"ობიექტურობისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელიც რიგ შემთხვევებში არასათანადოდ იცავს ხოლმე დადგენილ ნორმებს, თუმცა მასშტაბი აბსოლუტურად განსხვავებულია ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან შედარებით, როდესაც მათი ნაწილი საერთოდ უგულვებელყოფს რეგულაციებს და პრაქტიკულად ხელს უწყობს ვირუსის გავრცელებას", - ამბობს უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე.
ოპოზიცია ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ სახიფათო თამაშს და კორონავირუსით მანიპულირებას თავის დაანებოს. მათი თქმით, ოცნების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებას ეპიდემია ვერ შეცვლის. ეს კამპანიის ბოლო დღეებში ოპოზიციის ყველა შეხვედრაზე, თბილისშიც და რეგიონებშიც, კარგად ჩანს.