ბულვარი მტკვრის სანაპიროზე და საბაგირო ჯვრის მონასტერზე - მცხეთაში შეჩერებული პროექტები

გამოქვეყნდა:

მცხეთა ერთ-ერთია იმ ვრცელ ჩამონათვალში, სადაც 2012 წლის შემდეგ პროექტები გაჩერდა. განვითარების ნაცვლად, ქალაქი ძველ პერიოდს დაუბრუნდა, როდესაც ვიზიტორებისგან დაცლილი იყო.

ბულვარი მტკვრის სანაპიროზე,  ჯვრის მონასტერზე ასასვლელი საბაგირო და ხელოსნების უბანი იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც მცხეთის ქუჩები მოსეირნე ტურისტებით უნდა გაევსო და ვიზიტორებისთვის უკან დაბრუნების  სურვილი გაეჩინა, მაგრამ 2012 წელს ყველა პროექტი შეწყდა.

ქალაქი, განვითარების ნაცვლად, თანდათან წარსულს დაუბრუნდა და ახლა მცხეთის ქუჩები თითქმის ისეთივე უკაცრიელია, როგორც ათიოდე წლის წინ, როცა გაპარტახებულმა უძველესმა დედაქალაქმა იერსახის შეძენა და თითქმის უკვე მივიწყებული სავაჭრო ფუნქციის დაბრუნება თანდათან დაიწყო. 

მცხეთის უახლესი ისტორია კარგად ახსოვთ ადგილობრივებს, შეწყვეტილ განვითარების პროცესსაც ყველაზე უკეთ ისინი გრძნობენ და რადგან სიტუაციის გამოსწორების ინიციატივას ადგილობრივ ხელისუფლებაში არავინ იჩენს, მცხეთის მცხოვრებლები დახმარებას ისევ მას სთხოვენ, ვინც ქალაქის აღდგენა თავდაპირველად დაიწყო.

ქალაქი მცხეთა მუნიციპალიტეტში ერთადერთი ადგილი არ არის, რომლის სავაჭრო და ტურისტული პოტენციალიც აუთვისებელია. მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ცეზარ ჩოჩელი, ამბობს, რომ სოფელ მუხრანში განვითარებული მეცხოველეობის სფეროს ხელშეწყობით, შესაძლებელი იყო ოჯახური ხორცპროდუქტების წარმოება და ცენტრალურ ქუჩაზე მოწყობილ დახლებში გაყიდვა.

ქუჩა, რომელიც ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი ვერ გახდა, მუხრანის ბაზრამდე მიდის. სავაჭრო სივრცე კეთილმოწყობის შემდეგ სადეგუსტაციო ცენტრად უნდა გადაქცეულიყო, მაგრამ ვერც ეს მოესწრო, დღეს აქ მცხოვრებთა საერთო გასაჭირი სასმელი და სარწყავი წყლის არ არსებობა და მყიდველთა რაოდენობის დღითიდღე კლებაა.

სანამ მცხეთის ქუჩებს ტურისტები დღითიდღე აკლდება, რესტავრირებული შენობები მიტოვებული სავაჭრო რიგების მიღმა იმალება და მოსახლეობა უწყლოობის გამო მოსავლის გვალვისგან გადარჩენას ვერ ახერხებს, რეგიონში ყველა თანხმდება, რომ სიტუაციის სასწრაფო ცვლილებაა საჭირო.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი