
ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერს ვარდმანიძის, დეკლარაცია ბუნდოვანი და არასრულყოფილია - საკითხის გამოძიება ოპოზიციის წევრებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ვარდმანიძემ ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას დიდი აგრესიითა და გინებით უპასუხა.
აქვე გეტყვით, რომ ჯუმბერ ვარდმანიძე სამსახურებრივი ავტომანქანით ქართული ოცნების წინასაარჩევნო შეხვედრაზე, სოფელ მაჭახელაში ოცნების კანდიდატებთან ერთად დააფიქსირეს. აგიტაციაში მონაწილე მერს "ბათუმელების" ჟურნალისტმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე კითხვა დაუსვა, რასაც გინება მოჰყვა.
ოპოზიციის წარმომადგენლები ჯუმბერ ვარდმანიძის სამსახურიდან გადადგომას ითხოვენ.
ვარდმანიძეს მორალური უფლება არ აქვს, რომ იყოს მერი. მოვითხოვთ, დატოვოს თანამდებობა დროულად. იმის ნაცვლად, რომ იცავდეს კანონს, ყველაფერს აკეთებს მის საწინააღმდეგოდ, - ამბობს ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან", მიხეილ ბოლქვაძე.
ცნობისთვის, ინტერნეტგამოცემა "ბათუმელების" სოლიდარობის ნიშნად, დღეს ბათუმში, ერას მოედანზე, 6 საათზე აქცია იგეგმება.
ავტორი: თეა ვაშალომიძე