"ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დაპირების მიხედვით, წყალტუბოს რეაბილიტაციას 20 ათასამდე ადამიანი უნდა დაესაქმებინა, თუმცა, რეალობა სულ სხვაა. ბიძინა ივანიშვილი ერთი წლის წინ ადგილობრივებს მუნიციპალიტეტში არსებული 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას დაჰპირდა, მაგრამ დაპირებები ჯერ არ შესრულებულა.
წყალტუბოს სანატორიუმში დევნილები ისევ ჩვეულ პირობებში ცხოვრობენ - სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებული არ არის.
"მთელ სანატორიუმში მილები დახეთქილია, წყლები ჩამოდის, მეტი რა პირობები უნდა იყოს... 28 წელია, ასე ვცხოვრობთ. ბიძინამ იმდენი რამე თქვა, ერთი მაინც შეესრულებინა", - ამბობენ ადგილობრივები.
წყალტუბოს რეაბილიტაციის დაპირების შეუსრულებლობას აფასებენ ოპოზიციაშიც.
"ეს იყო მორიგი ტრიუკი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ვინაიდან იმ დროს ძალიან ნეგატივში იყო "ქართული ოცნება" და დადებით მუხტის შემოსატანად ეს ტყუილი მოიგონეს", - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წყალტუბოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მამუკა საღარეიშვილი.
"დაპირებიდან ერთი წლის შემდეგ, არც ერთი სანატორიუმისთვის ხარაჩოც კი არ მიუდგიათ. თუკი არსებობს საქართველოში სიმბოლო იმისა, თუ რატომაა "ქართული ოცნება" ჩაფლავებული, ესაა ქალაქი წყალტუბო", - პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი, გიორგი კანდელაკი.
ამ დრომდე უცნობია, თუ როდის დაიწყება ბიძინა ივანიშვილის ცნობილი დაპირების შესრულება და წყალტუბოს რეაბილიტაცია.