ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საარჩევნოდ "ოცნება" პანდემიას საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენებს და ყველა გზით ეცდება გავლენის გაძლიერებას. ამასთან, ოპოზიციის წევრები საუბრობენ მმართველი გუნდის მხრიდან სავარაუდო მანიპულაციებისა და ამ გზით ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებაც.
"ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამომრჩეველი დააშინოს. მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, რომ ხალხი არის ძალიან მოტივირებული და ახლა მნიშნელოვანია, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებით "ოცნება" საქართველოს მოვაშოროთ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე.
გარდა ამისა, ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, ხელისუფლების პოლიტიკა, ამომრჩეველში დაბნეულობა გამოიწვევაა - ეს მაშინ, როცა საზოგადეობას დეტალური ინფორმაცია უნდა მიეწოდებოდეს ტესტირებათა რაოდენობისა და პანდემიასთან ბრძოლისას გადადგმული თითოეული ნაბიჯის შესახებ.
"ოცნება" ვალდებულია, ახსნას, საარჩევნო კამპანიისას რა როგორ უნდა გაკეთდეს. საზოგადოებამ დეტალურად უნდა იცოდეს მიმდინარე ეპიდვითარება. ხელისუფლების განწყობა, რომ როგორმე მივაღწიოთ არჩევნებამდე და მერე რაც იქნება, იქნება, არასწორია", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.
თავის მხრივ, მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ საარჩევნო უბნები სრულ მზაობაშია, რათა არჩევნები კორონავირუსის ნორმების დაცვით მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა - ვირუსი 958 ადამიანს დაუდასტურდა და დამატებით 4 პაციენტი გარდაიცვალა.