პანდემია და გრიპი - ქვეყანაში ვაქცინაცია გვიანდება

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, აუცილებელია, სეზონური გრიპის ვაქცინაცია ოქტომბრის ბოლომდე ჩატარდეს, სხვა შემთხვევაში, ის არაეფექტური იქნება. დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ ადამიანის ორგანიზმს საჭირო იმუნიტეტის გამოსამუშავებლად 2-3 კვირა სჭირდება და თუ გვინდა, რომ ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაწყებული სეზონურ გრიპს გავუმკლავდეთ, მაშინ, ვაქცინაცია დროულად უნდა ჩატარდეს. 

დროში აცდენის გარდა, სპეციალისტებისთვის პრობლემაა საქართველოში გრიპის ვაქცინის არასაკმარისი რაოდენობაც.

"230 000 დოზა არის მინიმუმის მინიმუმი - მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, მოსახელობის 50%-60% მაინც უნდა აიცრას სეზონურ გრიპზე. ჩვენ ვხედავთ "ოცნებისა" და ჯანდაცვის სამინისტროს მორიგ ჩავარდნას, მათ ვერ მოახერხეს დროულად მოლაპარაკება შესაბამის ფირმებთან ვაქცინის საჭირო რაოდენობის შემოსატანად", - ამბობს ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორი, სერგო ჩიხლაძე.

ამასთან, ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, ქვეყნისათვის გამოწვევა იქნება კორონავირუსისა და სეზონური გრიპის დამთხვევაც. 

"კოვიდისა და სეზონური გრიპის პირველადი სიმპტოპმები ერთნაირია. თანაც, არც სეზონური გრიპია ისეთი დაავადება, რომელიც სიკვდილიანობას არ იწვევს, ამიტომ ორმაგი სიფრთხილე გვმართებს", - ამბობს "ლელოს" წევრი, ვატო სურგულაძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს ვაქცინაციის პრობლემის პარალელურად, ქვეყანაში კორონავირუსი რეკორდულად იზრდება. დღეს 1192 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 233 ადამიანი, 8 კი გარდაიცვალა.  ახალი კოვიდშემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 471 ინფიცირებული თბილისიდანაა.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი