პატარა ერის პატარა ამოცანა - გადავირჩინოთ თავი თუ გადავარჩინოთ "ქართული ოცნება"

გამოქვეყნდა:

პატარა ერს თითქოს პატარა ბავშვების ამოცანა გვაქვს - გადავირჩინოთ თავი თუ გადავარჩინოთ "ქართული ოცნება". ორივე ერთად არ გამოდის. და, მართალი თუ გინდათ, არც მეორე ვარიანტი ჩანს რეალისტური - "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში თუ დარჩა, თავისი გენიალური და ნაქები კრიზისმენეჯმენტით ერს მაგრად შეათხელებს. ხელისუფლებაში დარჩა კი არა, აგერ ორ კვირაში სადამდე ავარდება დაავადებულთა რიცხვი, ის არ ვიცით.

ენა როგორ არ გაუხმება, ვინც პირველმა თქვა, ვირუსებს შემოდგომით ითვლიანო. ან იმას როგორ არ გაუხმება თავი, ამას რომ არ დაუჯერა. მარტში, აპრილში, მაისში დღეში 10 შემთხვევა რომ ემატებოდა, გულგახეთქილები სახლში ვისხედით, ყველაფერს ვსპირტავდით და ვმდუღრავდით. შემოდგომაზე, 1 000-ს რომ მიუკაკუნა, ტრანსპორტშიც ვიჭეჭყებით, სამსახურშიც, სკოლაშიც და ხვალიდან უნივერსიტეტის აუდიტორიებსაც გავავსებთ. მხოლოდ ქუჩებისა და მოედნების გავსება გვეკრძალება, თუ ლურჯ დროშებს არ ვაფრიალებთ - მაგის გამო დივერსიას გვაბრალებენ.

საპატიო თბილისელის წოდებით თავად ვირუსი უნდა დაგვეჯილდოებინა, გაზაფხულზე რომ ჩინეთი და იტალია არ გვიქნა. თორემ ნაქებ-დაჯილდოებული ექიმები, როგორც შემოდგომამ დათვალა, გაზაფხულის შედარებით დაბალ სტატისტიკასთან არაფერშუაში იყვნენ.

ამ მრუდებში ჩვენი კორონაისტორიაა. მოყოლებული თებერვლიდან. მუშკეტერებად წოდებული ექიმები და სუპერმენეჯერებად წოდებული ხელისუფლება თავს აგვისტოს ბოლომდე იწონებდა. სექტემბრის დასაწყისიდან კი დაიწყო ტრამპლინი - საქართველოს ნახტომი სიკვდილისკენ.

ამ სტატისტიკითა და გრაფიკით უფრო სანდო იქნებოდა, ეთქვათ, დანის პირს კარგა ხანია წამოვეხიეთო.

მინისტრის განცხადების დამაიმედებელი თარგმნა სამთავრობო მედიამაც ვერ მოახერხა. ამიტომ დავრჩით შეფიქრიანებულები - მთავრობა გვპირდება საწოლებს, მაგრამ ვერ გვპირდება, რომ რომ იმ საწოლთან ექიმი ან ექთანი მოვა და დახმარებას გაგვიწევს. ასე უექიმოდ  სახლშიც ვიწვებიო, იტყვით თქვენ და მართლები იქნებით. ჯვარი აქაურობას, სასურველია, წითელი ჯვარი.

კორონამ მთელს მსოფლიოს დაარტყა. მაგრამ მილიონ მოსახლეზე შემთხვევების სტატისტიკით, სულ რამდენიმე კვირაში საქართველო უარესთა რიგებში ჩაეწერა. ეს მსოფლიო უბედურების ცხრილია. 3 დღის წინ საქართველო 97-ე იყო. 3 დღეში კი პანდემიის მასშტაბით 3 ქვეყანა მოვიტოვეთ უკან და 94-ზე ავედით. გინდა, არ გინდა, ერთი მუშკეტიორად წოდებულის გაფრთხილება გაგახსენდება.

კორონავირუსმა ყველაზე მეტად დაარტყა მოხუცებს, ეკონომიკასა და ოპოზიციას. კიდევ საკითხავია, რომელს უფრო. 13 დღეში არჩევნებია და, ქართული ოცნების გარდა, რომელ პარტიასაც უნდა ჰკითხოთ, ყველა გიპასუხებთ, რომ პანდემიაზე ხელისუფლება ხელს პოლიტიკურად მაგრად ითბობს.

ხელისმოთბობა მხოლოდ პოლიტიკური არაა. საქმეში ჩახედული ხალხი, რბილად რომ ვთქვათ, ეჭვობს ტესტების ხარისხისა და პასუხების სანდოობის გამო. საგანგებოდ პანდემიის პერიოდში გაჩნდა ბევრი ლაბორატორია, რომელმაც მიიღო შეკვეთა გაზრდილი გეგმით.

ვირუსი ასეთი პოლიტიკური არასდროს ყოფილა. ხალხს რომ არ შიოდეს და დღითიდღე კიდევ უფრო არ იმშეოდეს, მთავრობისთვის იდეალური სიტუაცია იქნებოდა - მიტინგების აკრძალვა საჭიროც არაა. ოპოზიცია თვითონ აუქმებს შეკრებებს. ერთის გარდა. ამათ ლანძღვით რას გააკვირვებ, მაგრამ ახლა ახალი ტალღა უწევთ - სტატისტიკის გაუარესებას "ნაციონალების" შეკრებებს დააბრალებენ. სადაც უნდა გამართონ - გინდ ბათუმში, გინდ ათენში.

საქართველოს არ ეთქმის მყარი პოლიტიკური ტრადიციების ქვეყანა, მაგრამ არსებულთაგან ყველაზე მდგრადი ჩვევა საარჩევნო მიტინგებია - ქუჩის შეკრებების გარეშე არჩევნებს არასდროს ჩაუვლია და ხელუსუფლება არასდროს შეცვლილა. მომხრეებსა თუ მოორჭოფეებს გამხნევება სჭირდებათ - ყველამ ნახოს, რომ ბევრნი არიან და ცვლილება რეალურია.

ივანიშვილის ხელისუფლებას სიტყვა არ დასცდენია, როდესაც ორი კვირით ადრე ერზაც-ოპოზიცია, სინამდვილეში კი მისივე რადიკალური ფრთა, პატრიოტთა ალიანსი კრებდა მომხრეებს დედაქალაქის შუაგულში. ამ დროს პანდემიის მრუდი უკვე ვერტიკალურად მიფრინავდა ზემოთ. მდინარაძეებს, კობახიძეებს, ღარიბაშვილებს, კალაძეებსა და სხვა პუჭურ-ბორის-ბიძინებს არ დაუწყიათ პირბადეების თვლა და არ ჩამოუხოკავთ ღაწვები, ბავშვები მაინც რატომ მიიყვანეს აქციაზეო.

  • რა იქნებოდა ბელორუსის პროტესტი, მთელი ქვეყანა რომ ლუკაშენკოსა და ვირუსის შიშით სახლში გამოკეტილიყო? 
  • გაუქმდებოდა ყირგიზეთში ორი კვირის წინანდელი არჩევნების შედეგი და გადადგებოდა მთელი ხელისუფლება?
  • ბოლოსდაბოლოს, ისწავლიდა თუ არა მსოფლიო, რომ "ქართული ოცნების" სულიერ და ფინანსურ მამას, პუტინს არ ემორჩილება მთელი ქალაქი ხაბაროვსკი, სადაც დღეს პროტესტის ზუსტად მეასე დღეა?

გასაგებია, რომ ივანიშვილს არ აწყობს არჩევნების გადადება, სადამდეც უნდა გაიზარდოს დასნებოვნების მაჩვენებელი. მაგრამ რას აკეთებს ოპოზიცია, თუ შედეგები გაუხდება გასაპროტესტებელი და უცებ აღმოაჩენს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა? თავისი სრული მენიუთი - შეკრებების აკრძალვით, მიმოსვლის გაყინვით, კომენდანტის საათითა და გზებზე ჯარით?

თითქოს არ ექვემდებარება ლოგიკას, რატომ უნდა აწყობდეს ხელისუფლებას არჩევნების წინ ტესტირების რაოდენობის გაათმაგება, როდესაც წინასწარ იცის, რომ გამოვლენილ დაავადებულთა რიცხვიც პირდაპირპროპორციულად გაიზრდება. მაგრამ ივანიშვილმა თავისი ჩარჩის ტვინით ნაკლები ზარალი არჩია - თვალსა და ხელს შუა, მათ შორის სამთავრობო პროპაგანდის ირიბი ჩართულობით, ამსხვრევს გახარიას სუპერმენეჯერობის მითს, სამაგიეროდ იმზადებს ნიადაგს უფრო მნიშვნელოვანი ამოცანისთვის - ახალი დრაკონული შეზღუდვებისთვის თუ და როცა დასჭირდება.

შემოდგომამ დაანგრია არა მხოლოდ ივანიშვილის მინისტრების, არა მხოლოდ მათი შერჩეული ექიმების, არამედ ეკლესიის შეუმცდარობის მითიც. ღვთისმშობელმა წილზე უარი თქვაო, ვერ გვეტყვიან, ისევ კვერთხს დაგვიქნევენ, ცოდვილები ხართ და გვსჯისო.

საარჩევნო ციკლი წვალებით, მაგრამ ფინიშისკენ მიდის. ცოლებსაც ჯერ კიდევ აქვთ მანქანაში ქმრის გვერდით ჯდომის უფლება, მაგრამ კორონაანგელოზებმა ზურგი უკვე აშკარად გვაქციეს - აჭარაში ვირუსის საწინააღმდეგო პირბადეების სამკერვალო ვირუსის გამო დაიხურა. და არჩევნებით თუ არ უშველა თავს, საქართველოზე მალე აუცილებლად დანანებით იტყვიან, უჰ, საწყალი, შანსი არ ჰქონდა, ისეთი თანმდევი ქრონიკული დაავადება შეეყარა ჯერ კიდევ 2012-შიო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი