დისიდენტი მწერლის, ოთარ ჩხეიძის ქალიშვილი ნატო ჩხეიძე უკვე ერთი თვეა კარდაკარ დადის და როგორც თავად ამბობს, დარდებს აგროვებს. ის მაჟორიტარობის კანდიდატი მის მშობლიურ ქარელსა და ხაშურის ოლქშია. ამ რაიონში აქამდე ქალი დეპუტატი არ ყოლიათ. ოთარ ჩხეიძის სიყვარული, ახლა მის შვილზე გადმოდის.

ნატო ჩხეიძე 15 სექტემბერს გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელეს, მის ვაჟებს გაეღიმათ. ისევ პარლამენტი. ისევ დაკავებული დედა, რომელსაც ისედაც იშვიათად ნახულობენ. რატიცა და გიოც ლონდონში სწავლობენ. ორივე გამორჩეული სტუდენტია. რატიმ ბაკალავრიატი 1 ხარისხით დაამთავრა, რაც იმას ნიშნავს რომ მისთვის ნებისმიერი უნივერსიტეტის მაგისტრატურის კარი ღიაა. ძმები ლონდონში მხოლოდ არჩევნების შემდეგ წავლენ. ის რომ დედა გაიმარჯვებს, ამაში ეჭვი არ ეპარება. რატის ბავშვობიდან ახსოვს დედა, რომელსაც ოჯახის მიღმა ბევრი მრავალფეროვანი ინტერესი ჰქონდა.

გაერთიანებული ოპოზიციის ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია 4 შვილის დედაა და დაკავებული გრაფიკის მიუხედავად მამის სანახავად ხშირად მიდის. მამა მისთვის ყველაზე საინტერესო მოსაუბრეა. ამჯერად კომუნისტების დროს უმიზეზოდ დახვრეტილი ბაბუის ამბავს იხსენებენ და პარალელს დღევანდელ რეალობასთან ავლებენ.

ისევე როგორც ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩენკოს, ელენე ხოშტარიას ბაბუას კომუნისტებმა აბსურდული ბრალი წაუყენეს.

ელენე ხოშტარია ძალიან მაგრად 20 ივნისს გაბრაზდა. ყელზე უსამართლობის სიმბოლო დღემდე უკეთია და მის მოხსნას 31 ოქტომბერს გამარჯვების შემთხვევაშიც არ აპირებს. ელენე ხოშტარია ვაკის ამომრჩევლებს უყვება, რომ დღევანდელმა მთავრობამ ადამიანებს შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა.

ეკა ქვლივიძეც ზუსტად იმ ადგილას - ნატახტარის აეროპორტში შეგვხვდა, სადაც პირველად ისწავლა დამოუკიდებლად ფრენა. მას მერე 12 წელი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში იმსახურა. 2018 წელს, კი ლევან იზორიას მინისტრობის დროს ის იძულებული გახადეს  თავისი სამხედრო კარიერა დაესრულებინა.

დისკრიმინებულმა მფრინავმა სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა. ირონია ის იყო, რომ თავდაცვის სამინისტრომ კონტრაქტის დარღვევისთვის იქით მას უჩივლა. ეკა ქვლივიძე ლელოს პარტიას შეუერთდა. ახლა კახეთს ზემოდან უნდა გადაუფრინოს. ის მაჟორიტარობის კანდიდატი გურჯაანის, საგარეჯოს სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონშია.

შავი ზღვის ნამდვილი მარგალიტის ოკუპაციაზე და რუსეთზე გაბრაზებული ხათუნა გოგორიშვილი საბჭოთა კავშირის დასამხობად ეროვნულ მოძრაობას ჯერ კიდევ 33 წლის წინ შეუერთდა.  ვეტერანი პოლიტიკოსი ახლა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარობის კანდიდატია გაერთიანებული ოპოზიციიდან.

მიუხედავად იმისა რომ დისშვილ სანდროსთან ერთად ახლა შეკვეთილში ცხოვრობს, ზღვის ტალღების ხმის მოსასმენად ნამდვილად არ სცალია. მაკიაჟის კეთება არ უყვარს, მაგრამ სხვა გზა არა აქვს. არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება და ჟურნალისტები და კამერები მუდმვად გარს ახვევია.

გურულების მისახედად ხათუნა გოგორიშვილი თავისი საარჩევნო შტაბის წევრებთან ერთან სიმღერ-სიმღერით მიემართება. თავად გურულმა, კარგად იცის რომ მოსახლეობას აქ სახუმაროდ საქმე სულაც არა აქვს. უბრალოდ გურულები გამორჩეულები სწორედ მათი იუმორით, ოპტიმიზმით და პატრიოტიზმით არიან. ჩოხატაურელებს იმედი აქვთ რომ მათი კუთხის წარმომადგენელი და გამოცდილი პოლიტიკოსი მათ პრობლემებს პარლამენტიდან მოაგვარებს.

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გაუსაძლის პირობებში მცხოვრები დევნილების სანახავად ანა ნაცვლიშვილი უკვე არაერთხელ მივიდა. ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს "ლელოს" პარტიიდან მკვეთრი პოზიცია აქვს. მან კარგად იცის, რომ დღევანდელ მთავრობას აქვს იმის ფინანსური რესურსი რომ ადამიანები ასე არ ცხოვრობდნენ, მაგრამ საქმე კორუფციასთან გვაქვს. მისი აზრით მაჟორიტარი ქალაქის სახე უნდა იყოს.

წარმატება ბევრი ჰქონდა. იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2017 წელს კი წლის უფლებადამცველის ჯილდო მიენიჭა. ამბობს, რომ ქუთაისს დიდი წარმატების პოტენციალი აქვს და დიდი სურვილი აქვს ამ პროცესების ავანგარდში იყოს.

2 მცირეწლოვანი შვილის დედა ახლა მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად ქუთაისში დაბრუნდა. მარიამთან  და ლაზარესთან დროის გასატარებლად ბევრი დრო ნამდვილად არა აქვს, მაგრამ მაინც ცდილობს ბავშვები კომპიუტერსა და ტელეფონს არ მიაჯაჭვოს და საინტერესო ადგილებში ატაროს. ამჯერად ქუთაისის თუთიყუშების ზოოპარკს ეწვივნენ.

თაკო ჩარკვიანის ქალიშვილს, ახლა 24 წლის პიანისტ ირმა გიგანს, რომელსაც მთელი მსოფლიო ინდიგო ბავშვად იცნობს, დღეს კონცერტი სტოკჰოლმში აქვს. თავადაც არაჩვეულებრივად უკრავს. გადაღების დროს ამ ოთახში განზრახ შევყავართ, რადგანაც სწორედ აქ გაიარა მთელმა 60 იანელთა თაობამ. კედლებზე ჯანსუღ ჩარკვიანის მეგობრების ნამუშევრებია. საინტერესოა რას იტყოდა პოეტი, იმ დღეს, როდესაც ვაშაძის პარტიამ - სტრატეგია აღმაშენებელმა მისი ქალიშვილი საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

დედაც ეთანხმება. ახლა სიხარულით ცრემლები ადგებათ, რადგანაც მკვლევარი ირმა ჩხეიძე კორონავირუსს გადაურჩა. სექტემბრის თვეში თაკოს დედა, მეუღლე და თავად საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, COVID-19-ს კლინიკაში 19 დღის განმავლობაში ებრძოდა. ამბობს, რომ მაჟორიტარობა მისთვის უცხო არ არის, რადგანაც ის მთელი ცხოვრება მაჟორიტარია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი