"თავისუფლება გიორგი რურუას''- სამოქალაქო სექტორი დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეიკრიბება და ამ ლოზუნგით, "მთავარი არხის" დამფუძნებლის გათავისუფლებას მოითხოვს.
"დაიცავი არჩევანის" აქტივისტები სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება, რაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს.
მესამე სექტორში ამბობენ, რომ გიორგი რურუა ივანიშვილის პირადი პატიმარია და ხელისუფლების ტყვეობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
შეგახსენებთ, გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა.
რურუას დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა უშედეგოდ.
გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.