ქართული ოცნების გენერალური მდივანი ამბობს რომ მის პარტიას 60%-იანი მხარდაჭერა ექნება. კახა კალაძის თქმით, ერთადერთი ძალა, რომელსაც არჩევნების მოგება შეუძლია - ოცნებაა და მათ მთავრობის ჩამოსაყალიბებლად მათ კოალიციის შექმნა არ დასჭირდებათ
მოქალაქეების იმხელა მხარდაჭერას ვგრძნობთ, არანაირი კვლევა არ გვჭირდება - ამბობს გიორგი გახარია, რომელმაც არჩევნების გადადება კატეგორიულად გამორიცხა და თქვა, რომ საარჩევნო უბნებზე მისვლა უსაფრთხო იქნება.
30-ვე ოლქში ძალიან დიდი შესაძლებლობაა იმისა, რომ პირველივე ტურში დამთავრდეს არჩევნები- ამბობს კალაძე.განსხვავებულია ოპოზიციის შეფასება. ხელისუფლების ოპონენტები IPSOS-ის ბოლო კვლევების შედეგებთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ერთი რამე ცხადია - მოსახლეობას ცვლილებები სურს, ამისთვის მზად არის და ხელისუფლება 31 ოქტომბერს შეიცვლება.
გადაუწყვეტელ ამომრჩეველთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ გამოკითხვებში ამომრჩეველი საკუთარ პოზიციას შიშის გამო არ აფიქსირებს და ისინი გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთებთან მიიღებენ.
ქართული ოცნების რესურსი არის სიპები, აიპები, დასაქმებული ადამიანები სახელმწიფო სამსახურში და ისინი, ვისაც უსინდისოდ აშინებენ სოციალური დახმარების მოხსნით - ამბობს დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ გაცილებით მეტი საფრთხე გვემუქრება თუ ისინი არ გამოვლენ და არ მისცემენ ხმას ცვლილებების დაწყებას - ამბობს "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.
"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 8 - 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.
კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".