გარეჯის საქმეზე ნიკოლოზ ვაშაკიძე იკითხება - საქმის ფიგურანტი მაღალჩინოსნების სია იზრდება

გამოქვეყნდა:

გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ვაშაკიძე, იკითხება. პროკურატურაში ვაშაკიძე უკვე ხელმეორედ დაიბარეს, თუმცა უცნობია, კონკრეტულად რა დეტალებზე სასაუბროდ მივიდა უწყებაში. 

ნიკოლოზ ვაშაკიძემ პირველი ჩვენების შემდეგ მედიასთან თქვა, რომ კარტოგრაფები უსაფუძვლოდ არიან დაპატიმრებულები და მელაშვილი სახელმწიფო ინტერესებს ისე იცავდა, რომ აზერბაიჯანული მხარე კარტოგრაფის კომისიიდან გარიცხვასაც მოითხოვდა. ამასთან, ვაშაკიძე ამბობს, რომ საქმეში არსებული რუკა რეალურად საქართველოსთვის მომგებიანი არ არის. 

ამასთან, დაპატიმრებულების ადვოკატები ამბობემ, რომ გარდა ვაშაკიძისა, აუცილებელია საქმის ფიგურანტი ყველა სხვა მაღალჩინოსნის გამოკითხვაც. 

"ყველა მაღალჩინოსანი, ვინც საქმის ფიგურანტია, უნდა გამოიკითხოს - მათ შორის, მიხეილ ჯანელიძე და ირაკლი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილი სხვადასხვა სატელივიზიო ინტერვიუში კარტოგრაფების დაკავებაზე საუბრობს, თუმცა აუცილებელია მან ერთი და რეალური ჩვენება მისცეს გამომძიებლებს", - ამბობს ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, შესაძლოა, გამოძიების კითხვებს ამჯერად საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, უპასუხოს. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა,  7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი