მძევლებს, რომლებიც გუშინ, 21 ოქტომბერს ზუგდიდის საქართველოს ბანკის ფილიალში 7 საათზე მეტ ხანს იყვნენ დატყვევებულები, სავარაუდოდ დღეს კიდევ ერთხელ გამოკითხავენ, თუმცა რა დროისთვის, უცნობია. პოლიციის შენობაში ამ დროისათვის არავინაა.
გათავისუფლებული ადამიანებს პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში კითხავდა.
მათ შორის იყო ირაკლი კვარაცხელია, რომლის საშუალებითაც თავდამსხმელი "მთავარ არხთან" რამდენჯერმე გამოვიდა კონტაქტზე.
კვარაცხელია ერთადერთი იყო, რომელმაც დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და 7 საათიანი მძიმე პერიოდი დეტალურად გაიხსენა.
ამ დრომდე უცნობია სად იმყოფება ნახევარი მილიონი დოლარითა და ხელყუმბარით ხელში ბანკიდან პოლიციის უფროსთან და კიდევ სამ მძევალთან ერთად გამოსული თავდამსხმელი, რომელმაც მანამდე 43 ადამიანი მძევლად აიყვანა და დაახლოებით შვიდი საათის შემდეგ ბანკი დატოვა.
ამ დროისათვის ყველა მძევალი, მათ შორის პოლიციის მაღალჩინოსანი ავთანდილ გალდავა თავისუფალია.