ჭიათურის მაღაროში დაშავებული მუშის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 57 წლის მერაბ ლაშხი საჩხერის საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტი საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობით მოათავსეს. ირკვევა, რომ უბედური შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მაშინ მოხდა, როდესაც მუშა სოფელ ითხვისის მაღაროში ელმავალს მართავდა და დაშავების მომენტში მეწყვილის გარეშე იმყოფებოდა.

ფაქტი არც მაღაროს და არც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომაგდენლებს არ გაუხმაურებიათ. მაჟორიტარი დეპუტატობის ოპოზიციონერი კანდიდატის მტკიცებით, დაშავებულის ნათესავი "ქართული ოცნების" დეპუტატია დ,ა მისი აზრით, სწორედ ამ მიზეზით არ გასაჯაროვდა ეს შემთხვევა.

"მერაბ ლაშხის ნათესავი არის "ქართული ოცნების" დეპუტატი და მისი მხარდამჭერი. ამიტომ ითხვისის მაღარომ და ჭიათურის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს ფაქტი არ გაახმაურა, თუმცა, ჭიათურელთა უმრავლესობამ ხომ იცის, რა ხდება ჭიათურის მაღაროში. ხდება ის, რომ ადამიანები იქ საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ იმისათვის, რომ მცირე ხელფასი აიღონ", - ამბობს "ენმ-ძალა ერთობაშია"-ს საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი კაპანაძე.

მაღაროს მმართველი კომპანიის, „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობა მუშის დაშავებას უარყოფს, ხოლო მაღაროს დირექტორი ირაკლი კობერიძე მედიას ემალება. ფაქტს ადასტურებენ საჩხერის საავადმყოფოში: 

"ტრავმა იყო, მაღაროს ტრავმა. შემოიყვანეს მძიმე მდგომარეობაში. პაციენტს აქვს ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ფილტვები დაზიანებულია, მძიმეა პაციენტის მდგომარეობა", - ამბობს საჩხერის საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელი, მაია ხელაძე.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს ჭიათურაში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი