პოლიტიკური პარტიის "ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" წევრები მაღლივი კორპუსის ბიბლიოთეკის წინ პროგრამის პრეზენტაციას მართავენ. სამი ძირითადი მიმართულებიდან, ალეკო ელისაშვილი განათლების პროგრამის პრეზენტაციას წარადგენს.
ალეკო ელისაშვილმა პარტიის განათლების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე ქეთი თურაზაშვილი წარადგინა.
"იმისთვის, რომ გვეშველოს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ისეთი, როგორსაც ყველა ვოცნებობთ, როგორ საქართველოსაც ვნატრობთ - მდიდარს, წარმატებულს, მხრებში გახსნილს, თავაწეულს - ასეთ საქართველოს მივაღწევთ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანამიმდევრულ განათლების რეფორმას განვახორციელებთ", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, ცოდნა მტრის დასამარცხებლად მნიშვნელოვანი იარაღია. ქართველი ხალხი ნიჭიერია, თუმცა, აკლია ის ცოდნა, გეზი და მიმართულება, რომელიც, ნიჭიერებასთან ერთად, სიღარიბის დაძლევას შეძლებს.