ქვეყანა ივანიშვილსა და მის 8 წელს ხმამაღლა იხსენებს. ვინ რას გულისხმობს, ვინ რას ამატებს, მაგრამ ყველა თანხმდება - ტყუილი, ტყუილი, ტყუილი
დაპირებები 2012-2016 წლებში უნდა შესრულებულიყო. ვინც წინამორბედი ხელისუფლება საკუთარი კალმებით დაამარცხეთ, კითხვაც მათთანაა - გრძნობთ თუ არა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირველ 4 წელიწადში უმუშევრობის პრობლემა გადაჭრა?
მეორე 4 წელიწადში? 2016-იდან 2020-მდე? არც ახლა?
ესე იგი, თქვენ ყოფილხართ ის 67%, ოდესღაც კალამალესილი, NDI-სა და ნებისმიერ სხვა გამოკითხვაში რომ პასუხობთ, დასაქმება და სიღარიბე ქვეყნის უდიდესი პრობლემებიაო? და თავის დროზე იმ დაპირებების წიგნში კარგი სამსახური და კარგი ხელფასი საკუთარი კალმის ჩაწერეთ თუ უბნის კოორდინატორს მიანდეთ?
მან მართლაც იცის, როგორ აიხდინოს ქართული ოცნება. ოღონდ თავისთვის. და კარგად იცის, როგორ გამოგიყენოთ, თქვენი ალესილი კალმებინად.
ისევ მოიმარჯვეთ კალმები და ქვეშმიწერით იანგარიშეთ, რამდენით შეგიმცირდათ გაზის გადასახადი 2012 წლის შემდეგ. დენის? წყლის? ან იქნებ ნაგავი მაინც აღარაა მიბმული ელექტრონერგიას, რაც ასე შეურაცხყოფდა თქვენს თავმოყვარეობას? არის, არის. მაშინ იქნებ კითხვა გაგიჩნდეთ - ახლა ვიღას სასარგებლოდ ტრიალებს თქვენი მრიცხველები, რომლებიც 8 წლის შემდეგ გაცილებით მეტს წერენ?
კაი, გაზზე, დენზე, წყალზე, დასუფთავებაზე გადაჭარბებულად საუბრობდი. მაგრამ ახლა ვინღა ხრავს ყოველი ქათმის თითო ბარკალს, ადრე რომ მიშა ძღებოდა?
იფიქრე. გია ჭანტურიას კითხვებზე. რომლებიც, ალბათ, შენც პერიოდულად გიჩნდებოდა, მაგრამ პასუხის გაცემას სულ მომავალ არჩევნებამდე აჭიანურებდი. ახლა იფიქრე შენს შემოსავალზეც. იმაზე, რას დაგპირდნენ და რა მოგცეს.
უნდა ვაღიაროთ - კალმით სირბილმა ის მოიტანა, რომ ქოცობა ტეხავს. მაინცდამაიანც 41-ის შემოხაზვა კი არა, უბრალოდ ქოცობა. ანუ შემოხაზვა ფიქრისა და კითხვის გარეშე.
ოდესმე, ალბათ, გავარკვევთ, ვის თავში მწიფდებოდა დაპირებები, რომელიც ივანიშვილმა თავის ამომრჩეველს ფულის ნაცვლად აწვიმა. იქნებ თავად იგონებდა, იქნებ გუნდი ეხმარებოდა. მეტად და ნაკლებად სინდისიერები ამ ბოლოსკენ იქაც გამოჩნდნენ. განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ივანიშვილი ყველას დაპირდა პროპორციულ არჩევნებს 2020 წლისთვის, მერე კი გადააგდო.
"ოცნების" ზოგიერთი ყოფილი წევრის მსგავსად, უკვე დროა, თქვენც გეწყინოთ, რომ ივანიშვილი რეგვენებად გთვლით. და სულ იმედი აქვს, რომ მის ნებისმიერ ტყუილს აკენკავთ. ან ის გეწყინოთ, რომ თავისი "ოცნების" ახდენის შემდეგ, ვეღარ ხედავს თქვენს ადგილს საქართველოში. ჩემი იმედი აქ აღარ გქონდეთ და იმის იქით წასულხართო - შარშანდელი სეფესიტყვა სხვას არაფერს ნიშნავდა
განა ხელცარიელებს გიშვებთ ევროპაში? იქ რომ ჩახვალთ, თქვენთვის ყველა კარი ღიაა. საათში 80-ევროიანი ანაზღაურება, საუკეთესო დაზღვევა, შვილების სწავლა პრესტიჟულ სკოლებში. და ეს ყველაფერი თქვენთვის მან დაიმსახურა - ევროპის გაოცებით.
სინამდვილეში იმათი გაოცება კი არა, თქვენი გაქოცება სურდა. ჩაიდო ჯიბეში ქვეყანა და სიხარულით დაუარა.
ყველაზე უტოპიური დაპირება რომელი იყო? აი, ყველაზე-ყველაზე. ჰო, აგერ პარტერიდან შეგვახსენეს. ერთი წამითაც არ დავიწყებია დაპირება. 2012 წლიდან დებს ფულს ზუგდიდში და ორმო ვერ ამოავსო. ხან თავისივე ჩინოვნიკები პარავენ
ხან ვიღაც ზოროი ჩნდება და პოლიციის დატყვევებულ უფროსთან ერთად 4 მილიონი მიაქვს. თავისი ბრალია, არ უნდა დაგპირებოდათ თავის დროზე უფასო ფულს, ვერ გაიგეთ თქვენ ეგ რას ნიშნავდა.
მაგრამ არა უშავს, არჩევნების პონტებს, რომ ლავასოღლი გიგვარებს, სხვანაირად ვერ მოხდება. გაგებით, ბრატცი, ქურდული გაგებით.
იყო დაპირებები, სანახევროდ რომ შეასრულა. ხმა-კრინტი აღარ გავიგო, ივანიშვილი დაპირებებს არ ასრულებსო. 7 წელი ეჭიდავა ერთ ტელევიზიას და მაინც გამოსტაცა პატრონს. ოღონდ ახლა ვერ გაუგია, რისთვის. მილიარდერ კაცს ასეთი ტყუილი ხარჯი არასდროს უქნია. სტრასბურგში რამდენი დატოვა, კაცმა არ იცის, თბილისში კი ერთი ღილაკი მეორემ შეცვალა. და სადაა შენი აღმავლობა და აღმშენებლობა? მოკლედ, მოგატყუეს მაკარ, ვინც გპირდებოდა, ფული არ დაინანო და ყველაფერი ჯიბეში გექნებაო. არა, ამ შემთხვევაში მთავარი ყოფილა მთავარი. მაგ იარლიყის ბრალია, აღარავის რომ აღარ სჯერა შენი ხელისბიჭების მენეჯერული ტალანტებისა. ვინც COVID-19-მა ვერა, სტატისტიკამ დასცა. პანდემიის გაფართოების ტემპმა, რომლითაც ყველაზე უბედურ ქვეყნებსაც გავასწარით.
მარტო ამ კრიზისს არ უჩვენებია, ვის ხელშია ქვეყანა. იმ ერთმა კრიზისმა აჩვენა, რადაც მთელი რვაწლიანი ოლიგარქატი იქცა.
გულში ჩაიხედეთ და აღიარეთ- რისთვის აირჩიეთ კაცი, რომელმაც 90-იანების ბანდიტებსა და მკვლელებს შორის რუსეთში 7 მილიარდი იშოვნა? არ თქვათ, ანგოლის სამოქალაქო ომის ტანკებით მომარაგება საერთაშორისო კანონმდებლობის სრული დაცვით ხდებოდა და მილიონიან მსხვერპლს გაგებით უნდა მოვეკიდოთო. ან როგორ ენდეთ კაცს, რომელმაც საკუთარი ცოლი და საფრანგეთი გადააგდო. ოღონდ ნუ იტყვით, ინგა პავლოვას და ფიქტიური ქორწინების ამბავი არ გაგვიგიაო.
8 წელი გავიდა და ისევ შენი კალმის დღე დგება. ამასობაში შვილები წამოგეზარდნენ, შვილიშვილები წავიდნენ სკოლაში. თუ ისევ ფიქრობ, რომ რუსმა მილიარდერმა საქართველო ჯიბეში შენს გასამდიდრებლად ჩაიდო, გაიხსენე, რომ თითო ხმა სულ 5 კილო კარტოფილად უღირს, ხოლო თუ აღარ ფიქრობ, შემდეგი შაბათი შენი წილი ბრძოლის დღეა - გადამგდების გადაგდების გადამწყვეტი დღე დგება