ოპოზიციის ლიდერები "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან ნიკა გვარამიას ინტერვიუს გამოეხმაურნენ. ოპონენტების შეფასებით, რუსეთთან და მის სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირში მყოფი და ბნელი წარსულის მქონე ოლიგარქის ერთადერთი მიზანი, საქართველოში სწორედ რუსული გავლენების გაძლიერებაა.
"ბიძინა ივანიშვილმა ფული რუსეთში თავის დროზე იშოვა ზუსტად ამ შავბნელი საქმეებით, რომელიც პირდაპირ საერთაშორისო სანქციებს ექვემდებარება. გავრილოვის ჩამოყვანა, ანაკლიის პორტის შეჩერება უკავშირდება იმას, რომ საქართველოში რუსული გავლენები გაძლიერდეს. ამას ადასტურებს იმ ადამიანების თხრობა, ვინც ახლოს იცნობდა ბიძინა ივანიშვილს", ამბობს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ხატია დეკანოიძე.
"ვიცოდით, რომ ივანიშვილი არის დაახლოებული რუსეთთან, აქვს კავშირები იქაურ სპეცსამსახურებთან, ვიცით რომ არის კორუმპირებული და ფული იშოვა არალეგალური გარიგებებით, ახლა უბრალოდ გავიგეთ, რომ იარაღით ვაჭრობაც იყო", - ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი სერგი კაპანაძე.
შეგახსენებთ, "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე 6 დღით ადრე, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა. ეს ელდარ გოგოლაძის პირველი ინტერვიუა, რომელშიც ის ივანიშვილის წარსულზე, პოლიტიკაში მოსვლაზე, გამდიდრებასა და უკანონო საქმეებზე ყვება.