არჩევნებამდე 5 დღით ადრე, ხელისუფლება ოპოზიციას კომპიუტერული პროგრამა Deepfake-ის გამოყენებაში ადანაშაულებს.
"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ოპონენტები მათ წინააღმდეგ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ.
ირაკლი კობახიძის განცხადება მიხეილ სააკაშვილმა "თავის მართლების მცდელობად" შეაფასა.
"აგებენ არჩევნებს დიდი უპირატესობით და დაიწყეს ლაპარაკი, რომ, თურმე, ჩვენ გავაყალბებთ არჩევნებს. სინამდვილეში, იმაზე შეშფოთდნენ, რომ უკრაინელი, ამერიკელი და ინგლისელი სპეციალისტების დახმარებით შევქმენით სახის და სხეულის ამოცნობის სისტემა, რომელიც მათ კარუსელებს დაუბრკოლებელ ბარიერებს შეუქმნის და აღარ იციან ახლა რა ქნან" - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის ბრალდებებს აბსურდს უწოდებს ოპოზიციაც.
"თუ ადამიანს არ ეშინია, ის წინასწარ ასეთ განცხადებებს არ აკეთებს. ეს, ბატონო ირაკლი, რომ იცოდეთ, პოლიტიკური შეცდომა იყო" - ამბობს "ერთიანი მოძრაობა - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე.
"თუ ვინმეს აქვს რაიმე რესურსი, ისტორია და გამოცდილება, რომ ფეიკ-ნიუსები გაავრცელოს, ეს სწორედ ხელისუფლებაა. ამიტომ, ნურავისკენ ნუ გაიშვერენ ხელს", - ამბობს "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი წერეთელი.
Deepfake-ის გამოყენებაში ოპონენტები ქართული ოცნების ლიდერმა კობახიძემ დაადანაშაულა და თქვა, რომ ამ გზით ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას შეეცდება:
"გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა "დიპ-ფეიკი". შეგახსენებთ, რომ ამგვარი პროგრამების საშუალებით ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი. ამგვარი მასალები სოციალურ ქსელებში შეიძლება განთავსდეს არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს. მაგალითად, შეიძლება "ქართული ოცნების" რომელიმე წარმომადგენელს ვიდეოგამოსახულება ისე დაედოს, რომ ამბობდეს იმას, რასაც სინამდვილეში არ ამბობს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, Deepfake არის ყალბი ვიდეოების გამავრცელებელი პროგრამა, რომელიც კონკრეტული პირის გამოსახულებას და ხმას იყენებს, თუმცა, მის მიერ ნათქვამი ტექსტის შინაარსი, შესაძლოა, განსხვავებული და გაყალბებული იყოს.