ბადრი ესებუარს ოჯახი ირწმუნება, რომ იგი უდანაშაულოა, ახლა თბილისში იმყოფება და სახლში ხვალ ელოდებიან, თუმცა მას ტელეფონი გათიშული აქვს და ვერ ეკონტაქტებიან. რა კითხვები ჰქონდა მათთან გამოძიებას მამა და ძმები ამ თემაზე არ საუბრობენ.
"ოჯახმა არაფერი არ იცის, ხვალ ველოდებით, თბილისშია. პოლიცია მას ეძებს, ჩემი შვილი უდანაშაულოა, დანაშაული არ ჩაუდენია", - ამბობს ტარიელ ესებუა, ძებნილის მამა.
ბადრი ესებუას მამის, განცხადებით, მისი შვილი ხვალ ან ზეგ გამოჩნდება. ოჯახი არც იმაზე საუბრობს, ამოიღეს თუ არა სამართალდამცველებმა მათი სახლებიდან რამდენიმე საათიანი ჩხრეკის შემდეგ, გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება.
ცნობისთვის, გუშინ, 26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ინფორმაცია, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი ესებუაა.
ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
იდენტიფიცირებული პირი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა, რომლის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს განაგრძობს.