ესებუა მოქმედი სამხედრო არაა, 2019 წელს დავითხოვეთ - თავდაცვა დოკუმენტს ასაჯაროებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" თავდასხმასა და ტერორისტულ აქტში ბრალდებული, ბადრი ესებუა თავდაცვის ძალებში არ ირიცხებდა და ის სამსახურიდან 2019 წლის ივლისში გაათავისუფლეს. უწყება დოკუმენტს ავრცელებს, იმის დასადასტურებლად, რომ ის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის.

"საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც მტკიცდება, რომ თავდასხმაში ბრალდებული პირი, ბადრი ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე", - წერს უწყება. 

 

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ბრძანებას ხელს პოლკოვნიკი ტატალაშვილი აწერს.

შეგახსენებთ, რომ ბადრი ესებუას სამართალდამცავები მე-8 დღეა ეძებენ.

ცნობისთვის,  26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ინფორმაცია, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბადრი ესებუაა. 

ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იდენტიფიცირებული პირი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა, რომლის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს განაგრძობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი