ჩემი მოვალეობა ამ სტრუქტურების და პიროვნებების დაცვაა- ზურაბიშვილის წინასაარჩევნო განცხადება ჯარზე, პოლიციაზე, ექიმებზე და "წარმატებულ სპეცოპერაციებზე"

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ ჯარზე შეტევა მიმდინარეობს და ის, როგორც მთავარსარდალი ვალდებულია დაიცვას ჯარისკაცები. სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო მიმართვას ავრცელებს, სადაც ზუგდიდის მოვლენებზე და პანდემიაზე საუბრობს.

სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდასხმის დროს, 21 ოქტომბერს სამართალდამცველებმა წარმატებული სპეცოპერცია ჩაატარეს და მძევლები გადაარჩინეს:

შეტევა ხორციელდება იმ ინსტიტუციებზე  და იმ პიროვნებების  დისკრედიტაციის მცდელობებია, ვისაც საზოგადოება ენდობა და რომლებიც ხვალინდელი დღისთვის ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს არის - ჯარი, სამართალდამცავები და ჯანდაცვის წარმომადგენლები. 
ჩემი მოვალეობა ამ სტრუქტურების და პიროვნებების დაცვაა, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღე და მომავალი დგას.

ჯარზე - ერთი პირის გამო, ვინც არ უნდა იყოს ეს პირი, წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე. მიუღებელია დამაკნინებელი და მადისკრედიტირებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე. მით უფრო, ქვეყანაში რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც ისწრაფვის ნატოსკენ; ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები პირდაპირ უთხრის ძირს ქვეყნის ინტერესებს,  და ემსახურება დესტაბილიზაციას თუ უცხო ინტერესებს.
როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, კატეგორიულად ვგმობ და დავგმობ ასეთ მცდელობებს! მინდა, ჩემი ნდობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართულ ჯარს! 

როგორც პრეზიდენტმა, მინდა კატეგორიულად დავგმო ის მიზანმიმართული მცდელობა, რომელიც საზოგადოების თვალში ჩვენი სამართლდამცავების პროფესიონალიზმის შელახვას ემსახურება და საბოლოოდ კი ძირს უთხრის შიდა სტაბილურობას. მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო წარმატებული ოპერაციის ჩატარებისთვის, რომელმაც გადაარჩინა ყველა მძევლის სიცოცხლე, და ამ ოპერაციის მეთაურს საჯაროდ ვუთხრა მადლობა! - ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი ჯანდაცვის სფეროსაც ეხება და მადლობა უხდის ეპიდემიოლოგებს, ექიმებს, ექთნებს, ყველას, ვინც კოვიდთან ბრძოლაშია ჩართული, თუმცა ზურაბიშვილი ამ შემთხვევაშიც ფიქრობს, რომ ადგილი აქვს დისკრედიტაციას:

ჯანდაცვის სფეროზე  - მისი ყველაზე ცნობილი და დაფასებული წარმომადგენლების ლანძღვა და დისკრედიტაციის მცდელობა კი ემსახურება  მათი ავტორიტეტის შელახვას და საზოგადოებაში ნდობის ფაქტორის შესუსტებას. იმ ნდობის, რომელიც პირველ ეტაპზე ჩვენი წარმატების მთავარი ფაქტორი იყო.  ჩვენ გვჭირდება, რომ გვქონდეს ნდობა ქვეყნის შიგნით და გარეთ, რათა შევძლოთ ამ პროცესის ეფექტიანი მართვა, გავაღრმაოთ ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობები - იქნება ეს ვაქცინისა თუ სხვა საჭირო მედიკამენტების მიღება...

მიუხედავად კოვიდის გამოწვევისა, მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ, რეკომენდირებული უსაფრთხოების ნორმების  სრული დაცვით, ვაჩვენოთ ყველას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების კიდევ ერთი მაგალითი.

ამდენად, ჩვენი მისვლა არჩევნებზე  ყველა არსებულ გამოწვევაზე საუკეთესო პასუხი და ჩვენი ხვალინდელი დღის უალტერნატივო გარანტიაა. ეს თითოეული მოქალაქის ვალია - თქვენი, ჩემი.."-ამბობს ზურაბიშვილი თავის წინასაარჩევნო მიმართვაში.
 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი