საზოგადოება თანხმდება, რომ 2 დღეში ხელისუფლება იცვლება - შეფასებები IPSOS-ის კვლევაზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის შეფასებით, "მთავარი არხის" დაკვეთით IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ 31 ოქტომბერს ხელისუფლება იცვლება და დროა, ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციაში გადასასვლელად მოემზადოს. 

"კვლევებიდან ძალიან ნათელი სურათი იკვეთება - საზოგადოება თანხმდება ივანიშვილის პოლიტიკური პროექტის წინააღმდეგ და ოპოზიციას დამაჯერებელი შანსი აქვს პროპორციულ ნაწილში არჩევნების მოგების", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი. 

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ არ არსებობს რაიმენაირი შანსი, "ოცნებამ" ხმების 40%-ზე მეტი მოპოვოს. 

"IPSOS-ის კვლევასა და სხვა კვლევებშიც ჩანს, რომ მოსახლეობის უმეტესობას სურს ხელისუფლების ცვლილება. შედეგების ერთობლიობა გვარწმუნებს, რომ ხელისუფლება შაბათს შეიცვლება", - თქვა სერგი კაპანაძემ "ევროპული საქართველოდან". 

პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ "ოცნებამ" რამდენიც არ უნდა იტყუოს მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით თავი, 2 დღეში საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვლება".

მაშინ, როცა ყველა ოპოზიციური ძალა ცვლილებების მოლოდინშია, "ქართულ ოცნებაში" სწამთ, რომ მმართველი გუნდი დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს და ამას საზოგადოების განწყობა მოწმობს. 

"ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის. მათ ძალადობრივ სცენარებზე ფიქრის გარდა აღარაფერი რჩებათ" - თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ. 

"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 17 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,2%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv სექტორში "არჩევნები 2020".

შეგახსენებთ, "მთავარმა არხმა" გასულ კვირებში IPSOS-ის მიერ ჩატარებული სხვა კვლევებიც გამოაქვეყნა, რომელთა სრულად ნახვაც შეგიძლიათ აქ : 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი