
არსებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ მეეზოვეებს "ნაციონალური მოძრაობის" პლაკატების ჩამოხევა დაავალა.
თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ადასტურებენ, რომ საგანგებო მითითება მიიღეს და თუ დღის ბოლომდე ქალაქში მხოლოდ "ქართული ოცნების" პლაკატები დარჩება, სანაცვლოდ ფულად ჯილდოს მიიღებენ.
"მთავარმა არხის" ჟურნალისტები, ექსპერიმენტის მიზნით, მეეზოვეებს მერიის წარმომადგენლებად გაეცნენ და კითხეს - ხომ არ აპროტესტებდა მოსახლეობა პლაკატების ჩამოხევას, რაზეც მეეზოვეებისგან ასეთი პასუხი მიიღეს: "კი მოსახლეობა ჩხუბობდა, იგინებიან, ჩვენ არავისი არ გვეშინია, არც პუტინის, ვინც გინდა ის იყოს". მეეზოვეებმა დაადასტურეს, რომ მათ უკვე შეუთანხმდნენ პლაკატების ჩამოხევის სანაცვლოდ თანხის მიღებაზე და კუთვნილ თანხას ელოდებიან.
მეეზოვეების მოსყიდვაზე ოპოზიცია ფიქრობს, რომ "ქართული ოცნება" მსგავს მეთოდებს არჩევნების წაგების შიშით მიმართავს.
"იმის ნაცვლად, რომ დროულად გაიტანონ ნაგავი, რომ გადავსებული არ იყოს ნაგვის ურნები, მეეზოვეებს ნაციონალური მოძრაობის პლაკატების ჩამოხევას ავალებენ, იციან რომ აგებენ და ცდილობენ ახლა ადმინისტრაციული რესურსით რაღაცა იფაფხურონ" - ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ირაკლი ნადირაძე.
აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის ქუჩებში დასუფთავების პრობლემა დღემდე მოუგვარებელია და მოსახლეობა ქუჩებში უადგილოდ დაყრილ ნაგავს უჩივის.