ადვოკატი ბაჩანა შენგელია, ხაზს უსვამს რა 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობას, "ღამის მთავარში", ზუგდიდან ჩართვის დროს ამბობს, რომ არ უნდა გაიღვიძოს ისეთ ქვეყანაში, სადაც გვიკლავენ გიგა ოთხოზორიას, გვიკლავენ არჩილ ტატუნაშვილს და მის ცხედარს გვიბრუნებენ შინაგანი ორგანოების გარეშე.
მე ვარ ადამიანი, რომლის დედა შეიწირა ამ სისტემამ და იმ დედის შვილი ვარ, რომელიც რეზიდენტი პრეზიდენტის აგიტატორი არ გახდა, ამიტომ მინდა, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, დავეხმაროთ ბებიებს, ბაბუებს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. ჩვენ გვაქვს არჩევანი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა გემოვნებას, გთხოვთ, გევედრებით, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. მე მჯერა ჩემი ზუგდიდელების, მთელი ქვეყნის, რომ ჩვენ ვიქნებით ღირსეულები და გავაკეთებთ სწორ არჩევანს, - თქვა ბაჩანა შენგელიამ ეკა კვესიტაძის გადაცემაში "ღამის მთავარი"
შეგახსენებთ, ია კერზაია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი იყო. 2018 წელს ის განათლების სამინისტროსა და "ქართული ოცნებისგან" განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო რამდენჯერმე გახდა მმართველი პარტიისა და ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი.
მისდამი დაქვემდებარებულ სკოლაში, ანონიმური წერილის საფუძველზე, რამდენჯერმე ჩატარდა აუდიტორული შემოწმება, რა დროსაც დარღვევები ვერ აღმოჩინეს, მაგრამ პარალიზებული იყო სასწავლო პროცესი, პედაგოგებსა და დამლაგებლებსაც კი ხისტი მეთოდებით კითხავდნენ და ცდილობდნენ, დირექტორის საწინააღმდეგო ცნობების მოპოვებას.
ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ყოფნამ ია კერზაიას ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა, ის ინსულტის შედეგად ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.