ხმის მიცემის პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს ვანსა და ხონშიც. სოფელ ნახახულევში, 16-ე უბანში, ხონის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი, მათე ჩანქსელიანი, კენჭისყრას თვალყურს დამკვირვებლის რანგში ადევნებს.
ვანში კი, როგორც ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ამბობს, ხელისუფლების მხარდამჭერებმა საარჩევნო უბანში მოქალაქეების დასაკვირვებლად ვიდეოკამერები დააყენეს. მედიის წარმომადგენლების გამოჩენისთანავე კი, კამერებს ადგილები შეუცვალეს.
"როგორც კი მოვედით ქალაქ ვანის 22-ე უბანში, ვნახეთ, რომ დაყენებული იყო კამერა ზუსტად ზევით, საიდანაც საარჩევნო კაბინების მონიტორინგს ახორციელებდა და შესაძლებელი იყო იმის იდენტიფიცირება, რომელი ადამიანი ვის მისცემდა ხმას", - ამბობს "პლატფორმა 2020"-ის წარმომაგენელი.
ამასთან, იმერეთში საარჩევნო უბნებზე მობილიზებული არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან ამომრჩევლები. თუმცა, თავიანთი იქ ყოფნის მიზეზებზე არ საუბრობენ.