"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი, საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად ოჯახთან ერთად მივიდა. როგორც თვითონ ამბობს, ხმა ქვეყნისათვის სასიკეთო ცვლილებებს მისცა.
ირაკლი ოქრუაშვილმა ხელისუფლების იმ განცხადებაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვით, ოპოზიციის აქტივისტები არჩევნებზე ხელკეტებითა და ელექტოშოკებით, არეულობისთვის ემზადებოდნენ.
"ამ საქმეებს არასდროს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. პირიქით, ხელისუფლება სულ უფრო მეტად ზიანდებოდა ასეთი საქმეების წამოწევის შედეგად, რომელიც, თავისთავად, პოლიტიკურად იყო მოტივირებული".
ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ოპოზიციის წინააღმდეგ აღძრული საქმეები რომ პოლიტიკურად მოტივირებულია, ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობენ.
"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ფიქრობს, რომ მიმდინარე არჩევნებს ოპოზიცია მოიგებს.