საპოლიციო ძალები ისევ მობილიზებულია მარნეულში, მე-3 საარჩევნო უბანზე, რომელიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობს, ასევე 22-ე საარჩევნო უბანში და საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან. ხმის დათვლა არ არის დამთავრებული მარნეულის 90-ზე მეტ საარჩევნო უბანზე.
ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ დასჭირდა პოლიციის მიცილება საოლქო კომისიის შენობამდე 68-ე უბნიდან მოსულ კომისიის წევრებს, ისინი პასუხს არ აძლევენ და ამბობენ, რომ პოლიციის მხრიდან მიცილება ჩვეულებრივი ამბავია.
დაპირისპირება იყო ასევე მესამე უბანზე, მას შემდეგ, რაც ხმების დათვლის დროს ჩააქრეს შუქი. ამ დროს გამოიძახეს პატრული და ადგილზე მივიდა ასევე სპეცდანიშნულების რაზმი.
"მთავარის" გადამღებმა ჯგუფმა მარნეულის პოლიციის უფროსიც გადაიღო, რომელიც საარჩევნო უბანზე მივიდა, მაგრამ კომენტარი არ გაუკეთებია.
აღარ ვაკეთებ კომენტარს, ხომ შემიძლია, მაშინ გავაკეთო კომენტარი, როცა საჭიროდ ჩავთვლი, დანარჩენთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებს პრესსამსახური, - განაცხადა მარნეულის პოლიციის უფროსმა.
ბოლო მონაცემებით, მარნეულში ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა, რუსთაველის გამზირზე და საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან ისევ ბევრი პოლიციელია მობილიზებული.