"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, სალომე სამადაშვილი, საარჩევნო კომისიის წევრებს მიმართავს:
"ახლა მიმდინარეობს "ქართული ოცნების" მიერ სრულად გაყალბებული შედეგების გაფორმება. ამ მიზნით, კომისიის წევრებს, მათ შორის, ოპოზიციური პარტიებიდან, სთხოვენ, რომ ხელი მოაწერონ გაყალბებულ ოქმებს. საზოგადოებამ ნახა ამ ოქმების ასლები, რაც არის არჩევნების პროცესის დაცინვა . ჩვენ მივეცით ინსტრუქცია კომისიის წევრებს, რომ არც ერთ მსგავს ოქმს ხელი არ მოაწერონ არანაირი მუქარისა და ზეწოლის შემთხვევაში".
ამასთან, მისი თქმით, ხვალიდან "ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო კომისიებიდან შესაბამის წევრებს გამოიწვევს.
სალომე სამადაშვილი 2020 წლის არჩევნების შედეგების გაყალბებაში ცენტალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, ადანაშაულებს. ბიძინა ივანიშვილს კი, დასავლური განვითარების გზიდან საქართველოს ჩამოშორებაში სდებს ბრალს.
"არავის არ ეგონოს, რომ გუშინდელი გაყალბება არის მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით გაყალბებული არჩევნები, არამედ ეს არის არჩევნები, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დასავლეთისკენ გზის ჩასაკეტად გაყალბდა".
სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს გავრილოვის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, სწორი რეაქცია ჰქონდათ და დღეს, როცა სახელმწიფო მოქალაქეების საარჩევნო ხმებს აყალბებს, მოქალაქეების ღირსება კვლავ დაცვას საჭიროებს. ამიტომ, "გაერთიანებული ოპოზიცია" დღეს, 16:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ, საზოგადოებას შეკრებისკენ და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დაცვისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:30-ისთვის, დათვლილია უბნების 86.35%.