ამერიკის საელჩო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას არვცელებს და წერს, რომ იზიარებენ ეუთო/ოდირის პირველად შეფასებას. საელჩო ყველა პარტიას მოუწოდებს გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას.
"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას გაითვალისწინოს აღნიშნული ხარვეზები მეორე ტურისა და შემდგომი არჩევნებისას. საარჩევნო პროცესის ხელყოფის ეს მცდელობები: ამომრჩევლის დაშინება, მოსყიდვა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, პარტიული და ოფიციალური საქმიანობის არამკვეთრი გამიჯვნა და საარჩევნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომ შედეგების არალეგიტიმურად ცნობისთვის არ არის საკმარისი, განაგრძობს საქართველოს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და მიუღებელია.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ამომრჩევლებისა და პარტიების მიერ არსებული სამართლებრივი პროცედურების გამოყენებას არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების წარსადგენად. მნიშვნელოვანია, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დასაბუთებული დარღვევის მიუკერძოებელი გამოძიება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჩივრებზე რეაგირება. სარწმუნო საჩივრების სამართლიანად, გამჭვირვალედ და დროულად გადაწყვეტა მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს ნდობა არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის მიმართ", - წერია საელჩოს განცხადებაში.
საელჩო აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს არჩევნების მიმდინარეობაზე ყურადღებით დაკვირვებას, მათ შორის, საჩივრების განხილვაზე, აპელაციის პროცესსა და მომდევნო რაუნდის კამპანიაზე.
"ჩვენ ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მოთმინება, რათა პროცესი წარიმართოს წყნარად, მშვიდობიანად და პატივისცემით, საქართველოს კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან შესაბამისობაში. ყველა მხარე ვალდებულია უზრუნველყოს საარჩევნო კოდექსის იმპლემენტაცია და აღსრულება", - წერია განცხადებაში.
საელჩო მოუწოდებს მომდევნო მოწვევის პარლამენტს, გაატაროს დამატებითი რეფორმები იმ ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც აღნიშნულია ოდირის საარჩევნო შეფასებებში.