ახალციხის ნომერ პირველ საარჩევნო უბანზე, პირველი დარღვევის დაფიქსირებას ნახევარი საათიც არ დასჭირდა. დამკვირვებლის მტკიცებით, საარჩევნო კაბინაში შესულმა ახალგაზრდა კაცმა, საკუთარ არჩევანს სურათი გადაუღო.
ერთი შეხედვით,ეს უწყინარი კანონდარღვევა, ძალიან მტკიცე რგოლია იმ უგრძელეს ჯაჭვში, რომლითაც წლებია, პარტია “ქართულ ოცნებას” ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველთა დიდი ნაწილის თავისუფალი ნება აქვს შებორკილი. ამ შავ-ბნელ საქმეს კი მმართველი პარტია, როგორც წესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებთან მობილიზებული კოორდინატორების ხელით აკეთებს.
ქუთაისში, გორში, ფოთში, ახალციხეში თუ საქართველოს სხვა ნებისმიერ რეგიონში საარჩევნო უბნების წინ სიებით ჩასაფრებული კოორდინატორ ქალებსა თუ კაცებს შორის განსხვავება მხოლოდ და მხოლოდ უტიფრობის ხარისხშია.
პრაქტიკულად ყველა მათგანმა იცის, რომ ამორალურ საქმიანობას ეწევა და ჟურნალისტების გამოჩენისთანავე სიების დამალვასა და მიჩქმალვას იწყებს.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია პრაქტიკულად ყველა უბანზე საარჩევნო პროცესის დაწყებისთანავე მობილიზებულია, აშკარა კანონდარღვევებისა თუ სიტუაციის ესკალაციის შემთხვევებში მათი რეაქციები, როგორც წესი, დაგვიანებულია
სამართალდამცავებისთვის არასდროს წარმოადგენს პრობლემას საარჩევნო უბნებთან მოკრიმინალო ელემენტების მობილიზება, მიერ ამომრჩეველთა ნების ღია კონტროლი და , ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, პირადი შეურაცხყოფა და არც თუ იშვიათად კუთვნილი ნივთებისა თუ აპარატურის დაზიანება.
იყო კიდევ უფრო დაუჯერებელი ფაქტებიც: მაგალითად, კაცი თავს ქალად ასაღებდა და ხმასაც მის ნაცვლად აძლევდა.
მხოლოდ "მთავარი არხის" ჟურნალისტების მიერ გუშინ გადაღებული კანონდარღვევები უწყვეტად რომ გავუშვათ, ეთერს რამდენიმე დღით სრულად შევავსებთ, მიუხედავად ამისა, მმართველი პარტიაც და ცესკოც ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ გუშინ საქართველოში არჩევნები სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩატარდა.