„ფეისბუქის“ ერთერთი იუზერი 31 ოქტომბრის არჩევნების კიდევ ერთ, კურიოზულ შემაჯამებელ ოქმს აქვეყნებს, რომელიც ცესკოს ვებგვერდზეა ატვირთული.
„ერთი, ეს ოქმიც ნახეთ, ეგებ მეშლება რამე, გარდა იმისა, რომ ოქმში ბალანსი ვერ კეთდება ... მოსული 328 ამომრჩევლიდან 72-ის ბიულეტენია ბათილი“ - წერს მომხმარებელი „ფეისბუქზე“.
საუბარია 24-ე საარჩევნო ოლქის (ოზურგეთის) მაჟორიტარულ ბიულეტენზე, სადაც ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობად 497 ამომრჩეველია მითითებული. აქედან, ბიულეტენის მიხედვით, 328 ამომრჩეველი გამოცხადდა, ხოლო სპეცსიაში მყოფ პირთა რიცხვი 18 იყო.
შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, „ოცნების“ კანდიდატმა ვასილ ჩიგოგიძემ 132, ხოლო ენმ-ის კანდიდატმა მანუჩარ კვირკველიამ 142 ხმა მიიღო, რაც ჯამში, 274 ხმას შეადგენს. ოქმში ბათილადაა მითითებული 72 ბიულეტენი.
შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ბიულეტენებისა და კანდიდატებისთვის მიცემული ხმების რაოდენობა ერთმანეთს არ ემთხვევა.