გაერთიანებული ოპოზიცია უარს ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატებზე. ამის შესახებ ცნობილი ბრიფინგზე გახდა.
"სახელისუფლებო პარტიამ ყოველგვარი ნორმების დარღვევით 2-ჯერ მეტი მანდატი მიითვისა. 31 ოქტომბრის შედეგები არ ასახავს ამომრჩეველთა ნებას, დარღვეულია მათი კონსტიტუციური უფლება, რომ უმრავლესობამ აირჩიოს ხელისუფლება. ამ ყველაფრის გათვალსიწინებით, მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება და უარს ვაცხადებთ აჭარის უმაღლესი საბჭოს იმ მანდატებზე, რომლებიც ხელისუფლებამ გადმოგვცა, მაგრამ არ ასახავს რეალობას", - ამბობს ბრიფინგზე "ენმ"-ის წევრი, ელგუჯა ბაგრატიონი.
ამასთან, ბრიფინგზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქციაც დააანონსა, რომელიც ხვალ, 3 ნოემბერს, 17:00 საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან ჩატარდება არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბრიფინგი გამართა "ევროპულმა საქართველომ" - ისინი უარს ამბობენ მეორე ტურებში მონაწილეობასა და მანდატებზე. ცნობილია ისიც, რომ "ევროპული საქართველოს" გარდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს არ აღიარებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". უარი თქვა მანდატებზე "ლეიბორისტულმა" პარტიამაც. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ "პუტინმა, რუსი ოლიგარქის მეშვეობით, თავზე დაგვახმო ქვეყანა და შედეგები - რომელიც არალეგიტიმურია" .
ახალი მოწვევის პარლამენტში სავარუდოდ შესვლას არ აპირებენ: "ლელო საქართველოსთვის", ასევე - ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები", "სტრატეგია აღმაშენებელი".