არჩევნების გაყალბების შემდეგ, კითხვის ნიშნის ქვეშ, შესაძლოა პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხი დადგეს. პარტიების დიდი ნაწილი, ვინც 1%-იანი ბარიერი გადალახა, საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს არ აღიარებს მთავარი ოპოზიციური ძალა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლას არ აპირებენ: "ლელო საქართველოსთვის", ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები", "სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლეიბორისტული" პარტია. თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს და იტყვის თუ არა მანდატებზე უარს "ევროპული საქართველო" და "გირჩი", სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ პარლამენტს უფლებამოსილება არ შეუწყდება, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია არ შევა ახალი მოწვევის პარლამეტში.
"სამართლებრივად ახლა ოპოზიცია, რომ არ შევიდეს პარლამენტში ამით პარლამენტი უფლებამოსილებას არ შეწყვეტს, თუმცა არ შესვლას შეიძლება ჰქონდეს, რაღაც პოლიტიკური შედეგები. თუ მაინც და მაინც ოპოზიცია ფიქრობს, რომ აქვთ მყარი მტკიცებულებები არჩევნების ისეთი დარღვევებით ჩატარების შესახებ, რომელიც რომ არ ყოფილიყო სხვა რეზულტატებს მოგვცემდა, არსებობს სამართლებრივი დავის მექანიზმები, - ვახუშტი მენაბდე.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ პარლამენტის წინ გუშინ, 1 ნოემბერს აქცია გამართა. ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გაყალბებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ცესკოს მონაცემებს არ აღიარებენ და საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ.
ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".
აქვე შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, "ქართულმა ოცნებამ" ხმების 45.8% აიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26.4%, "ევროპულმა საქართველომ" კი 3.7%.