ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები ერთხმად აცხადებენ, რომ ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელის თქმით, არჩევნებთან დაკავშირებული მათი განცხადება მანიპულირების საგანი გახდა, ხოლო არჩევნების ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობა არა მათი, არამედ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე ამბობენ, რომ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაგრძელდება, რათა მათ კიდევ გადასცენ მასალები, სადაც კონკრეტული დარღვევებია ასახული.
ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა დავუმტკიცოთ საერთაშორისო საზოგადოებას და ორგანიზაციებს, რომ ამ არჩევნების დროს საქართველოში იყო ისეთი მასშტაბის დარღვევები, რომლებმაც, საბოლოო ჯამში, გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგებზე. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ის, რაც უწერია "ოცნებას" ცესკოს ვებგვერდზე, ეს არის ტყუილი - მათ ამდენი ხმა არ მიუღიათ და ამას ამბობს, სხვათა შორის, "სამართლიანი არჩევნებიც", ორგანიზაცია, რომელსაც ყველაზე ფართო სადამკვირვებლო მისია ჰყავს საქართველოში, - აცხადებს "გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
"სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები, თითქოს სადამკვირვებლო მისიებმა ლეგიტიმურად სცნეს არჩევნების შედეგები, არასწორია.
ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ ლეგიტიმურობა სცნეს სადამკვირვებლო მისიებმა და ასე შემდეგ, მაგრამ მათაც ჩვენთან დაადასტურეს, რომ ლეგიტიმურობა-არაკეგიტიმურობა შეგვიძლია დავადასტუროთ მხოლოდ ჩვენ, საქართველოში და არა უცხოეთში. მათ ჩვენ წარვუდგინეთ კონკრეტული ფაქტები, მაგალითად, მარტო ისნის რაიიონში 650 ბიულეტენი არის 45 უბანზე გამქრალი, - თქვა შეხვედრიდან გამოსულმა გიორგი ვაშაძემ.
"ერთიანი საქართველოს" ლიდერი კი ამბობს, რომ წარმომადგენლობასთან შეხვედრები, დამატებით მასალების გადაცემის მიზნით, მომავალშიცაა დაგეგმილი და "ოცნებას" არ უნდა ჰქონდეს ილუზია, თითქოს პარლამენტის ლეგიტიმაცია რაიმე სახით მოხდება.
შევთანხმდით, რომ ოპოზიცია ერთად მოუყრის თავს დარღვევების დამადასტურებელ ფაქტებს და მასალებს და გადასცემს მათ, ასე რომ "ქართულ ოცნებას" ნუ ექნება იმის ილუზია, რომ ეს არჩევნები რაიმენაირად ლეგიტიმურად ჩაითვლება, რადგან იმ სიტუაციაშიო, როცა ოპოზიცია არ შედის პარლამენტში და ამის შესახცებ ღიად აკეთებს განცხადებას, საქართველოს ეყოლება ჩრდილოეთ კორეიას მსგავსი პარლამწენტი, რაც დიდხანს ვერ გაგრძელდება", - ნინო ბურჯანაძე.
ლეიბორისტები კი ამბობენ, რომ არჩევნების დღეს სწორედ ამ პარტიის მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატებს დაუპირისპირდნენ ფიზიკურად და ამის დამადასტურებელი მასალები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს მიაწოდეს.
ჩვენ გადავეცით მათ ვიდეომასალები და ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ ლეიბორისტული პარტია გამონაკლისი იყო და მერობის კანდიდატებ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე შევთანხმდით, რომ კიდევ მოვაგროვებთ მასალებს და გადავცემთ, - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირის წარმომადგენლობამ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ნათლად გამიჯნული ხაზის არარსებობაზე მიანიშნა.