
ვენის პოლიცია Twitter-ზე პოსტს ავრცელებს, სადაც ჩამოწერილია დადასტურებული დეტალები წუხანდელ ტერაქტთან დაკავშირებით.
06:30 საათის ანგარიშით, ავსტრიის დედაქალაქის ძალოვანი უწყებები ადასტურებენ, რომ დაღუპულია 4 ადამიანი - მათ შორის, 2 კაცი, 1 ქალი და 1 დამნაშავე. ამ დროისთვის მძიმედაა დაშავებული 15 პირი, მათ შორის, პოლიციის ოფიცერი. ამასთან, შემთხვევას უკვე მიენიჭა ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაცია და დასტურდება მისი ისლამისტური მოტივიც.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, დაახლოებით, ღამის 1 საათზე, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სინაგოგაზე თავდასხმა მოხდა. გარდა სროლისა, მარიაჰილფეს ქუჩაზე, რომელიც ცენტრში მდებარეობს და სადაც ძირითადად რესტორენები და მაღაზიებია განთავსებული, რესტორნებში Joma-ში, Schwarzen Kameel-სა და Akakiko-ში ტყვეები აიყვანეს.
ჯერჯერობით უცნობია თავდამსხმელთა ზუსტი რაოდენობა, თუმცა დადასტურებულად ვიცით, რომ ტერაქტის მომწყობთაგან ერთი პოლიციამ მოკლა.