თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:00 დაიწყო ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, სადაც სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობაზე მსჯელობს. თავდაპირველად პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმება, ანუ მისი დაპატიმრება მოითხოვა, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა და სასამართლოს ახლა უკვე 100.000 ლარიანი გირაოს დაკისრების მოთხოვნით მიმართა. აღსანიშნავია, რომ ნიკა მელიას უკვე აქვს დაკისრებული გირაო აღკვეთის სახედ, პროკურატურა ამჟამად მის გაზრდას ითხოვს.
ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილი არიან ოპოზიციის წარმომადგენელი პოლიტიკოსები და ნიკა მელიას მხარდამჭერები, რომლებიც პროკურატურის მოთხოვნას აპროტესტებენ. თავად ნიკა მელია პროცესს არ ესწრება, სასამართლოს ეზოში ნიკა მელიას მეგობრებთან ერთად მისი მამა ანზორ მელია მივიდა.
სასამართლოზე პროკურორმა უკვე დააყენა შუამდგომლობა და ახლა ადვოკატი განმარტავს, რატომ არის ეს შუამდგომლობა არასათანადო. ადვოკატის განცხადებით, ნიკა მელია უკვე წელზე მეტია, არ ასრულებს პროკურატურის მოთხოვნებს: არც სახლში ზის და მიტინგებზეც აქტიურად მონაწილეობს.
პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების დამძიმება მას შემდეგ მოითხოვა, რაც კვირას, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დროს ნიკა მელიამ სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა და ხალხში მოისროლა.
ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას - საქართველოს პარლამენტის სასახლესთან განცხადებების გაკეთებისას, დემონსტრაციულად მოახდინა ელექტრონული მონიტორინგის უზრუნველმყოფი მოწყობილობის მოხსნა და მოშორება. ბრალდებულმა აღნიშნული ქმედებით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობა. შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით გამოყენების შესახებ. - ნათქვამი იყო პროკურატურის განცხადებაში.
თავად ნიკა მელია აცხადებს, რომ ის არ აპირებს ელექტრონული სამაჯურის გაკეთებას, რადგან ის უსამართლობის სიმბოლოა.
მისი ადვოკატის გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, ეს სამაჯური მთელი ერთი წლის განმავლობაში ისედაც ფიქცია და ბიჟუტერია იყო და ნიკა მელია არც სახლში იჯდა, მაინც დადიოდა მიტინგებზე და გამოდიოდა სიტყვით. გიორგი კონდახაშვილის თქმით, ხელისუფლებამ დაინახა, რომ ნიკა მელიას მზარდი რეიტინგი აქვს, ის ერთგვარად, ოპოზიციის ლიდერად ჩამოყალიბდა და ამ გზით ცდილობს მის განეიტრალებას, რაც შეცდომა იქნება.