სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებათა ქრონიკა არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ ისევ განახლდა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სწორედ 315-ე მუხლით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, სუს-ის მტკიცებით, სახელმწიფო გადატრიალება ამჯერად ელექტროშოკებით უნდა მომხდარიყო, ხელისუფლების დამხობის მცდელობა კი ამჯერად არა ოპოზიციის ლიდერს, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტს, დამკვირვებველს, დევი ჭანკოტაძის მეგობარსა და უბრალოდ, კერძო მეწარმეს ბრალდება. რაფიკ ორუჯოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ისე შევიდა, რომ ბრალდების შესახებ არაფერი იცოდა. მხოლოდ ის განუმარტეს, რომ მის ავტომობილში ელექტროშოკი იპოვეს.
ელექტროშოკი მაქვს. მეწარმე ვარ, ღამე დავდივარ, თავდაცვის მიზნით დამაქვს მანქანით,, ეს კანონის დარღვევა არ არის, - ამბობს ორუჯოვი.
ორუჯოვმა სუსი რამდენიმე წუთში დატოვა - გაირკვა, რომ გამოძიება მას სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობას ედავება და მოწმის სახით დაიბარეს. ადვოკატის განმარტებით, ელექტროშოკის ამოღების გამო ამ მუხლით საქმის აღძვრა მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს, საქმე პოლიტიკურია და სუსი სახელმწიფოს დაკვეთას ასრულებს. ბექა ბასილაია დარწმუნებულია, რომ აქტივისტების დაშინების მიზნით ე.წ, მოდულის შენობაში გადატრიალების მუხლით დაწყებულ საქმეზე გამოკითხვათა სერიალი დაიწყება და ლილუაშვილის უწყება აქ რიგს დააყენებს.
ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე და ჩვენ გვახსოვს ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომ ხელკეტებით რაღაც გადატრიალება მზადდებოდა, - ამბობს ბექა ბასილაია.
ახლა ხელისუფლების ყველა ოპონენტი დარწმუნებულია, რომ სუსი ირაკლი კობახიძისა და ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს. სწორედ კობახიძემ დაასახელა დევი ჭანკოტაძის, ნიკა მელიასა და დიმიტრი შაშკინის გარემოცვა იმ პირებად, რომლებიც ხელკეტებითა და ელექტროშოკებით რევოლუციის მოწყობას გეგმავდნენ. არჩევნებიდან ორ დღეში კი საქმეც აღიძრა. ახლა დევი ჭანკოტაძე ფიქრობს, რომ მის წინააღმდეგ კომპრომატები გროვდება და არ გამორიცხავს, რომ შემდეგი ვისაც სუს-ში დაიბარებენ ის იქნება.
ეჭვიც არ მეპარება, მეც დამიბარებენ, თუ ამის საფუძველი მიეცათ, მეც დამიბარებენ, ეს არის კობახიძის თავში მოფიქრებული ამბავი, - აცხადებს დევი ჭანკოტაძე.
ოპოზიციაში გადატრიალების მუხლით საქმის აღძვრა არავის გაჰკვირვებია. 2014 წლიდან დღემდე ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა გამოძიება დაიწყო. ოცნების" ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ როგორც საბურავების, ისე ე.წ. ფარული ჩანაწერების, ელექტროშოკებისა და ხელკეტებიც საქმეც თაროზე შემოიდება, რადგან ამ მუხლით გამოძიების დაწყებას გამოცდილება აჩვენებს, რომ ერთადერთი მიზანი აქვს, ამომრჩეველი დაზაფროს და შეცდომაში შეიყვანოს, თუმცა ეს ე.წ. ტრიუკები მოძველებულია.
ამას უკვე აღარვინ ჭამს, რადგან ამ ხელისუფლებას ძალიან ცოტა დრო დარჩა, - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
რა გადატრიალებაზე ვლაპარაკობთ, ხალხო, სად არის წინა აღძრული საქმეები, რა ბედი ეწია, როდემდე უნდა ვიაროთ ერთ წრეზე და ვყლაპოთ ეს სულელური ვერსიები, - ამბობს გიგი უგულავა.
ტრადიციული ბრალდებით თუმცა ახალ გამოძიებას დღეს მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ, კობახიძისგან განსხვავებით, ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას პირდაპირ ვერ ადანაშაულებს, თუმცა ამბობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობს და ამის მიღწევა მხოლოდ დესტრუქციული გზით შეუძლია.
ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ განუმარტავს, რა მუხლითაა დაწყებული გამოძიება და ვისი გამოკითხვა იგეგმება საქმის მიმდინარეობისას. ადასტურებენ მხოლოდ იმას, რომ გამოძიება ამ ეტაპზე ორუჯოვით მის ავტომობილში აღმოჩენილი ელექტროშიკით დაინტერესდა. ელექტროშოკი რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთი არაა და ამის გამო გამოძიების დაწყება აბსურდია, ამის შესახებ ლილუაშვილის უწყებაში დუმან.