როცა პოლიციის უფროსს ვკითხე, რატომ არ რეაგირებდა მუქარაზე მისი თანდასწრებით, მიპასუხა: "მე რა ვქნა, პოლიციაში დარეკე..."

გამოქვეყნდა:

გიორგი მუმლაძე, რომელიც ორგანიზაცია "2020"-ის ფარგლებში აკვირდებოდა არჩევნებს მარნეულში, იხსენებს, რომ პოლიციის უფროსის თანდასწრებით ემუქრებოდნენ, მას კი უცნაური რეაქცია ჰქონდა.

ამის შესახებ მან "მთავარი არხის" გადაცემაში "ღამის მთავარი" განაცხადა. 

მე გამოვიარე ტოტალური მოსყიდვა, ძალადობა, როგორ ჩაგრავდა სახელმწიფო მანქანა ადამიანებს. ჩვენ ორგანიზაცია "2020"-ის ფარგლებში ვაკვირდებოდით მარნეულში არჩევნებს და პირადად ჩემზე იყო მუქარა პოლიციის უფროსის თანდასწრებით, როცა ვიღაც დამემუქრა, რომ გამაქრობდნენ საერთოდ, ხოლო როცა მივმართე პოლიციის უფროსს, რატომ არ ახდენთ რეაგირებას-მეთქი, პასუხი მისგან იყო: "მე რა ვქნა, პოლიციაში დარეკე", - იხსენებს მარნეულში ჩატარებულ არჩევნებზე არსებულ სიტუაციას გიორგი მუმლაძე 

გიორგი მუმლაძემ "ღამის მთავარში" წარმოადგინა ოქმებიც, რომლებიც მარნეულში მომხდარ გაყალბებას ადასტურებენ. მისი თქმით, ერთერთი უბნიდან ოპოზიციის წარმომადგენლები საერთოდ გააძევეს.

ეს უბანი, 89-ე უბანი იყო ე.წ. გამწვანებული უბანი, სადაც "ოცნებას" უნდა მიეღო მაქსიმალური ხმები. ჩვენი მისვლის შემდეგ დავაფიქსირეთ დარღვევები, დაკარგული ბიულეტენები, მარტო ის რად ღირს, რომ მარნეულში ერთ უბანზე ასეულობით ბიულეტენი იყო გაბათილებული. 5 უბანზე ოპოზიციის წარმომადგენელი ყველა გავიდა და დატოვეს ამ ოქმების პირისპირ "ქართული ოცნება", - ამბობს მუმლაძე.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში დაძაბული იყო სიტუაცია მარნეულის რამდენიმე უბანზე, იქ გამოჩნდნენ შეიარაღებული ადამიანებიც, უბნის სიახლოვეს განათავსეს სპეცრაზმი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი