აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების განახლებადი რუკა და მოსალოდნელი შედეგები

გამოქვეყნდა:

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით, ამ დროისთვის ჯო ბაიდენი ლიდერობს, მას 238 ხმა აქვს, დონალ ტრამპს კი - 213.  

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების რუკა ამ დროისთვის ასე გამოიყურება:

    • განახლებადი მონაცემებით, ჯო ბაიდენი ლიდერობს შემდეგ შტატებში: ვაშინგტონი, ორეგონი, კალიფორნია, ნევადა, არიზონა, ნიუ-მექსიკო, კოლორადო, მინესოტა, ილინოისი, ვისკონსინი, მაინი, ნიუ-ჰემფშირი, ვერმონტი, მასაჩუსეტი, ნიუ-იორკი, კონტექტიკუტი, როდ-აილენდი, ნიუ-ჯერსი, დელავერი, მერი-ლენდი, ვირჯინია.
       
    • განახლებადი მონაცემებით, დონალდ ტრამპი არჩევნებს იგებს აშშ-ის შემდეგ შტატებში:  ნებრასკა, კანზასი, ოკლაჰომა, ტექსასი, იოვა, მიზოური, არკანზასი, ლუიზიანა, მიჩიგანი, ინდიანა, ოჰაიო, პენსილვანია, დასავლეთ ვირჯინია, კენტუკი, ტენესი, ჩრდილოეთ კაროლინა, სამხრეთ კაროლინა, ჯორჯია, ალაბამა მისისიპი, ფლორიდა, მონტანა, აიდაჰო, ვაიომინგი, იუტა, ჩრდილოეთ დაკოტა, სამხრეთ დაკოტა.

    ჯამში ჯო ბაიდენს 68,867,059 მოქალაქემ მისცა ხმა, ხოლო დონალდ ტრამპს 66,641,718-მა.

    თუმცა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ვინ გახდება გამარჯვებული, ამას საარჩევნო კოლეგია წყვეტს, რომელიც 538 წევრისგან შედგება. ამომრჩეველთა კოლეგიიდან, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს გასამარჯვებლად სულ მცირე 270 ხმა სჭირდება.

    აშშ-ის კოლეგიაში ყველა შტატს ჰყავს სხვადასხვა რაოდენობის წარმომადგენელი, რაც დამოკიდებულია შტატში მოსახლეობის რაოდენობაზე. მაგალითად, პენსილვანიის შტატს ამომრჩეველთა კოლეგიაში 20 ხმა აქვს, ჯორჯიას -16, ნევადას, სადაც მოსახლეობის რაოდენობა ნაკლებია -6. 

    შესაძლებელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი გახდეს კანდიდატი, რომელსაც ჯამში მთელი აშშ-ის მასშტაბით ნაკლებმა მოქალაქემ მისცა ხმა, რაც იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კანდიდატი,  რომელსაც ჯამურად ნაკლები ხმა აქვს, ამომრჩეველთა კოლეგიიდან მეტ ხმას დაიმსახურებს, როგორც ეს მაგალითად ჯოჯრ ბუშის არჩევისას მოხდა.

    აქვე, განვმარტავთ, რომ 2000 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ, დემოკრატიული პარტიის ფერი ლურჯია, ხოლო რესპუბლიკელების - წითელი. შესაბამისად, საარჩევნო რუკებზე შტატები, რომლებშიც ჯო ბაიდენი ლიდერობს - ლურჯია, ხოლო შტატები სადაც დონალდ ტრამპი იგებს - წითელი. იხილეთ Guardian-ის რუკა.

    აშშ-ის ადგილობრივი ეგზიტპოლების თანახმად, თუ ვინ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, გადაწყდება ე.წ.  "Battleground" - მთავარი საბრძოლო შტატების მიხედვით. ეს ის შტატებია, რომლებშიც 2000-2016 წლამდე აშშ-ში ჩატარებული არჩევნების შედეგების თანახმად, სხვადასხვა პარტიებისთვის ხმის მიცემით - ცვალებადი შედეგებით გამოირჩეოდა. 

    "Battleground"  შტატებად მიიჩნევა: არიზონას, მიჩიგანის, ოჰაიოს, ფლორიდის, პენსილვანიის, ვისკონსინის, ჯორჯიას და ჩრდილოეთ კაროლინის შტატები. 

    აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შესაძლოა, მანამ გამოცხადდეს, სანამ ხმების 100% დათვლილი იქნება.
    ასევე, Associated Press - აშშ-ის საინფორმაციო სააგენტო, დაასკვნის, რომ ერთ-ერთი კანდიდატი უპირობო ლიდერია, ხოლო მეორეს გამარჯვების შანსი არ აქვს, რადგან დარჩენილ დასათვლელ შტატებში, ხმების რაოდენობას, გავლენა შედეგებზე ვეღარ ექნება.  Associated Press-მა, წინასწარ, აშშ-ის 2018 წლის წარმომადგენელთა პალატის და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიც გამოაქვეყნა, რომელიც ოფიციალურ შედეგებს დაემთხვა.

    აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ავტომატურად შეირჩევა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც, გარდა იმისა, რომ პრეზიდენტის შემდეგ მეორე პირი იქნება, სათავეში აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ჩაუდგება - სენატის პრეზიდენტი გახდება.

    დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ამერიკელი პოლიტიკოსი კამალა ჰარისია, რომელიც აშშ-ის ისტორიაში რიგით მეორე შავკანიანი სენატორია - კალიფორნიაში. ასევე, ჰარისი,  საპრეზიდენტო კამპანიის პირველივე დღიდან ჯო ბაიდენის გვერდით იდგა. ის ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი, შავკანიანი, ვიცე-პრეზიდენტი გახდება. ცნობისთვის ჰარისი, აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკლელობის საქმის ადვოკატია და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დასაცავად იბრძვის.

    "რესპუბლიკელების" მხრიდან, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი, 2017 წლიდან მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, ინდიანელი ქრისტიანი, მაიკ პენსია, რომელსაც ამერიკული მედია კონსერვატორ პოლიტიკოსად აფასებს. შეგახსენებთ, მაიკ პენსი 2017 წელს საქართველოში ჩამოვიდა, შეიარაღებულ ძალებს შეხვდა,  მხარი დაუჭირა საქართველოს "ნატოში" შესვლას, რუსეთისგან საქართველოს ოკუპაცია დაგმო და თქვა რომ საქართველო ტერეტორიული მთლიანობის აღდგენას აუცილებლად მიაღწევდა.

    გარდა ვიცე-პრეზიდენტებისა, აშშ-ის მოსახლეობა დღეს, სენატს და წარმომადგენელთა პალატასაც ირჩევს, რომელთაგანაც შედგება, აშშ-ის კონგრესი - ფედერალური მთავრობის საკანონმდებლო ორგანო.

    ამ დროისთვის სენატის არჩევნებში დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს თანაბარი ხმები აქვთ - 47-47. ხოლო წარმომადგენელთა პალატის არჩევნებში დემოკრატები რესპუბლიკელებს 7 ხმით, 188 -181-ის წინააღმდეგ, უსწრებენ. აშშ-ის კონგრესის არჩევნების განახლებადი შედეგები იხილეთ აქ.

    საბოლოოდ შეგახსენებთ, რომ აშშ-ის რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 3 ნოემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე, აშშ-ის დროით კი, დილის 6 საათზე დაიწყო. 

    ავტორი: მარიტა ნარსია

    მთავარი 15:00
    უყურეთ ბოლო გამოშვებას

    იხილეთ ჩვენს ეთერში

    დღის მთავარი