წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიაში ოქმების ხელახალი განხილვა მიმდინარეობს. საკუთარი ხმების დასაცავად კომისიაში მივიდა გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი
სამართალდამცველებს საოლქო კომისია პიკეტირებული აქვს და ოპოზიციის მხარდამჭერებს და ნანუკა ჟორჟოლიანს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ იმის მიუხედავად, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატს, ამის უფლება აქვს.
ჩემი მხარდამჭერები ვერ შემოვლენ ეს კანონის დარღვევაა, თუმცა მე, როგორ კანდიდატს მაქვს უფლება შევიდე იმიტომ რომ აქ იხილება ის საჩივრები, რომლებიც დაწერილია ჩვენი წარმომადგენლების მიერ ...მინდა ნიჟარაძეს, თამარ ჟვანიას ლეკვს ვკითხო, ვინ არის ის 6 ათასი ადამიანი, რომლებიც არჩევნებამდე 24 საათით ადრე გაჩნდნე სიაში" ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი მხარდამჭერები, საარჩევნო პროცესში ე.წ. ქურდული სამყაროსა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ასევე ფულის მასიურ დარიგებაზე საუბრობენ:
კანონიერმა ქურდებმა და ძველმა ბიჭებმა ჩაატარეს არჩევნები. ხონში განსაკუთერებით. წყალტუბოში მორჩენილმა ოჯახის წევრებმა, სამტრედიაში იყიდეს - ამბობს ჟორჟოლიანი.
მისივე თქმით, ამ დრომდე საოლქო კომისიას მისი წარმომადგენლების არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ცესკოს საბოლოო მონაცემებით, სამტრედია-ვანი-ხონი-წყალტუბოს მაჟორიტარულ ოლქში ნანუკა ჟორჟოლიანმა ხმების 31,52% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა "ქართული ოცნებიდან" გივი ჭიჭინაძემ, 51,02%.