ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე ვაკის ოლქში გაყალბების ამსახველი ფაქტები ოქმებისა და ვიდეომტკიცებულების სახით წარმოადგინა. კარუსელი, გაბათილებული ბიულეტენების საეჭვოდ დიდი რაოდენობა, ამას გარდა, ხელმოწერები ერთი და იგივე პირის მიერ, სხვა პარტიების, მათ შორის, "ევროპული საქართველოს" დამკვირვებლების ნაცვლად - ეს იმ დარვევების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც ვაკის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა ისაუბრა.
აქ არის კონკრეტული მტკიცებულებები და ოქმები, სადაც ხელმოწერაა დასმული ჩვენი დამკვირვებლის ნაცვლად. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ ხელი არ მოუწერიათ, შესაბამისად, ხელმოწერა გაყალბებულია, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, - თქვა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, ვაკის ოლქში მეორე ტური გაიმართება სადაც მონაწილეობას ელენე ხოშტარია და "ქართულო ოცნების" კანდიდატი, ნოდარ ტურძილაძე მიიღებენ.
ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".
აქვე შეგახსენებთ, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% აიღო, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 26.4%, "ევროპულმა საქართველომ" კი 3.7%.