დემოკრატიის დაბალი ხარისხი, ძალადობა, მოსყიდვა, პატრიოტული გრძნობებით მანიპულირება - NGO არჩევნები 2020-ზე

გამოქვეყნდა:

ძალადობა, ფარული კენჭისყრის უფლების დარღვევა, ამომრჩევლის მოსყიდვა - ასე აფასებს არასამთავრობო სექტორი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.

 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა დემოკრატიის დაბალი ხარისხით, რაც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და საერთაშორისო რეპუტაციისთვის - წერია არასამთავრობო ორგანიზაციების  ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" აქვეყნებს.

შემაჯამებელ დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერს 28 ორგანიზაცია, წერს რომ მმართველი პარტია არ მორიდებია მოქალაქეთა პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებას. ამ კუთხით, მესამე სექტორის წარმომადგენლები კარტოგრაფების საქმეზე ამახვილებენ ყურადღება.

დოკუმენტში საუბარია წინასაარჩევნო პერიოდის ძალადობებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე მომხდარ თავდასხმებზე:

წინასაარჩევნო პერიოდი ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო გამოყენებით, რამაც წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის. მმართველი პარტია არ მოერიდა მოქალაქეთა პატრიოტული გრძნობებით მანიპულირებას და,  სავარაუდოდ ამ მიზნით, წამოიწყო ე.წ. კარტოგრაფების საქმე, რასაც, მაღალი ალბათობით, ორი უდანაშაულო ადამიანის დაკავება მოჰყვა.

არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებსა და მათ სიახლოვეს ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლისა და მათზე თავდასხმის შემთხვევებს - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოები სერიოზულ პრობლემას ხედავენ ცესკოს მიერ, შედეგების დაგვიანებით გამოქვეყნებაში და ოქმებში დაფიქსირებულ უზუსტობებში:

პირველადი შედეგების დაგვიანებით გამოქვეყნებამ საზოგადოებაში ხმების სამართლიანი დათვლის შესახებ კითხვები გააჩინა. ეს კითხვები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ აღმოაჩინა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ის შემთხვევაში, ხმის დათვლის ოქმებში არსებობდა გარკვეული დისბალანსი.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები მოვითხოვთ იმ უბნების შედეგების ხელახალ დათვლას, რომელთა ოქმებშიც დისბალანსი შეიმჩნევა, ასევე, წარდგენილი საჩივრების კანონიერად და მიუკერძოებლად განხილვას- ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ არჩევნების დღეს, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ნაწილი, ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, დამკირვებლების მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილი.

არასამთავრობოების ინფორმაციით, მხოლოდ ხუთმა ორგანიზაციამ, რომელსაც დაახლოებით 3 ათასი დამკვირვებელი ჰყავდა, სხვადასხვა საარჩევნო უბანზე 500-ზე მეტი საჩივარი დაწერა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი