“ევროპული საქართველო” საოლქო კომისიებთან მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარეს აკისრებს. განცხადება ხათუნა გოგორიშვილმა გააკეთა და თქვა, რომ ცესკო უსუსური მიზეზებით ამბობს უარს ხმების ხელახლა გადათვლაზე.
“დღეს საღამოს საოლქო კომისიები იხილავენ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შესულ საჩივრებს. საჩივრები შესულია ძალიან ბევრ უბანთან დაკავშირებით, თბილისში მარტო 600-ზე მეტი უბნის გადათვლასა და გაბათილებაზეა მოთხოვნა. მას შემდეგ, რაც გუშინ სამგორის საარჩევნო ოლქის 97-ე უბანზე დემოკრატობანა ითამაშეს და გახსნეს შეფუთული ბიულეტენები და აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის ხმები ნაგავშია გადაყრილი, ცესკომ გასცა განკარგულება, რომ არსად, არცერთი უბნის გახსნა არ მოხდეს და არაფერი ხელახლა არ გადაითვალოს. ამას აკეთებენ ისეთი უსუსური მიზეზით, როგორიცაა ის, რომ საჩივარზე არ არის მითითებული კონკრეტული მისამართი, პოლიტიკური პარტიის საჩივარი არ არის ბლანკზე და ა.შ. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ზუსტად იციან, ყუთებში სხვა შედეგია და ოქმებში სხვა”,- ამბობს გოგორიშვილი.