ხმაური გლდანში ოპოზიციის მსვლელობისას დაიწყო. პირი, რომელიც ნიკა მელიასა და ოპოზიციის ლიდერების აქციის ჩაშლას ცდილობდა რამდენიმე წუთში პოლიციელთან ერთად შენობას მოეფარა. ის არავის დაუკავებია და არც განრიდება მომხდარა, სავარაუდოდ, ოპოზიციაზე თავდასხმაც წინასწარ დაგეგმილი იყო.
ნიკა მელიამ სამართალდამცავებს იმ პირების დაკავება მოსთხოვა, რომლებიც 31 ოქტომბერს გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბსა და ოპოზიციის აქტივისტებს თავს შეიარაღებული დაესხა.
გაირკვა, რომ საქმე ამ ინციდენტზე არა იარაღის უკანონო ტარების მუხლით, არამედ ადმინისტრაციული კანონდარღვევითაა აღძრული.
გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა გლდანი ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს უფროსი უკვე ამტკიცებს, რომ იარაღი, რომელითაც არჩევნების დღეს დედაქალაქის მერის მეგობარი, პაატა კვიჟინაძე იმუქრებოდა, სათამაშო იყო.
აქციაზე, რომელიც გლდანის ცენტრალური ქუჩიდან დაიძრა საინფორმაციო ფლაერები უნდა დარიგებულიყო, სადაც მოქალაქეებს კვირას 3 საათზე პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან აქციაზე მისვლას მოუწოდებდნენ.
გაერთიანებული ოპოზიციის აქციამ დღეს ნაძალადევში, დადიანის გამზირზეც ჩაიარა.
გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებდნენ დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან.
ცესკოდან მათ უპასუხეს რომ ოპოზიცია ცესკოს დისკრედიტაციას ცდილობს.
საინფორმაციო-საპროტესტო აქცია კვირამდე თბილისის ყველა უბანს ჩამოივლის ერთი მთავარი გზავნილით - მოპარული ხმები "ქართულ ოცნებას" არ უნდა შერჩეს.
8 ნოემბერს, პარლამენტის წინ მოქალაქეები ოპოზიციის ლიდერებთან ერთად არჩევნების შედეგების ანულირებას, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლას, ახალ დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებსა და ხმების სწორად დათვლას, მოითხოვენ, სადაც ყველას ხმა დაცული იქნება და სადაც გაყალბებული ოქმები ე.წ. ადამიანური შეცდომებით აღარ გამართლდება.