დაპირისპირება საოლქო კომისიებთან-პროტესტის ღამე დედაქალაქში

გამოქვეყნდა:

ხმაური და დაპირისპირება საოლქო საარჩევნო კომისიებთან საღამოს 8 საათიდან დაიწყო. 

მოპარული ხმების დასაცავად გამოსულ დემონსტრანტებს, ოცნების ხელისუფლებამ საოლქო საარჩევნო უბნებთან სამართალდამცავთა უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობა დაახვედრა, რომლებმაც არც სამოქალაქო აქტივისტებსა და არც მაჟორიტარობის კანდიდატებს არ მისცეს საშუალება, საჩივრების განხილვას დასწრებოდნენ, რის გამოც პროცესები უკიდურესად დაიძაბა. 

ისანში ოცნების ამ გადაწყვეტილებას პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა. 

6 საათიანი ბრძოლის შედეგად დაშავდნენ მოქალაქეები, სამართალდამცავებმა დააკავეს 9 დემონსტრანტი, მათ შორის გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე, რომელიც დაკავებისას ცუდად გახდა

უკანონო დაკავებები მიმდინარეობდა საბურთალოს ოლქშიც, სადაც დაპირისპირების დროს, ადმინისტრაციული კანონდარღვევისთვის, „ერთიანი საქართველოს“ ორი წარმომადგენელი და ''ალეკო ელისაშვილის-მოქალაქეების'' ერთი წევრი დააკავეს. 

არაერთი მცდელობისა და დაპირისპირების მიუხედავად, კომისიის სხდომაზე დასწრება ვერავინ შეძლო. გასაჩივრებული ოქმები კი საბოლოოდ, როგორც თბილისის ყველა ოლქში აქაც განუხილველად დარჩა. 

სამგორის საოლქო კომისიის წევრებმა ყველა სადავო ოქმი "ქართული ოცნების" სასარგებლოდ გადაწყვიტეს და ოლიგარქის დაკვეთა ბოლომდე შეასრულეს. 

აქციის მონაწილეები ამტკიცებდნენ, რომ სამგორში, ოლქის მიმდებარედ, მათ ნაგავში გადაყრილი ბიულეტინები აღმოაჩინეს. ოპოზციის  წარმომადგენლებმა კი სხდომა ყველა ოლქში პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც  დარწმუნდნენ, რომ კომისია ოქმებს მხოლოდ ფორმალურად განიხილავდა. 

დაძაბული ვითარება იყო გლდანის საოლქო კომისიასთანაც, სადაც ოპოზიციის პროტესტის პარალელურად, ქართულმა ოცნებამ არეულობის მოსაწყობად ზონდერ-დაჯგუფებები გაგზავნა. 

სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები დიდუბის საოლქო კომისიასთანაც. რამდენიმე მცდელობის შემდეგ,  ლელოს წარმომადგენელი შენობაში შეუშვეს , თუმცა განხილვაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს და მალევე გამოაძევეს.

8 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიცია მასშტაბურ აქციას მართავს, თუმცა მანამდე მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ბიძინა ივანიშვილისთვის თავის დახრას და პირში წყლის ჩაგუბებას არ აპირებენ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი