დაჭრა კახეთში - მეზობლები დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ და ხელმოწერებს აგროვებენ

გამოქვეყნდა:

ქვემო ბოდბეში, მირზაანის რწმუნებულის შვილის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვენ. ადგილობრივები ამ მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებენ და დაკავებულს თავდებში უდგებიან. ისინი აცხადებენ, რომ პაატა მაჭარაშვილმა დანაშაული აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა.  

"ჩვენ მოვითხოვთ ასეთი წესიერი, პატიოსანი კაცი გაათავისუფლონ. რა საჭირო იყო მაგის ციხეში ჩასმა. არც გაიქცეოდა, არც დაემალებოდა კანონსა და სამართალს და მაგის ცოლ-შვილს მაგის მეტი სხვა პატრონი არა ჰყავს. ათასი კაცი მაინც, მეტი თუ არა ნაკლები არ მოაწერს ხელს." აცხადებს მაჭარაშვილის მეზობელი.

 

დაკავებულის ცოლი აცხადებს, რომ მისი მეუღლის დაკავებით ოჯახი მარჩენალის გარეშე რჩება. 

„ეს ადამიანი არ უნდა იყოს იზოლირებული იმიტომ, რომ არ არის საშიში არც საზოგადოებისთვის, ჩემ მეუღლეს ორი მცირეწლოვანი 10 თვის შვილი ჰყავს კმაყოფაზე, სხვა ჩვენ არავინ არა გვყავს, ერთადერთია ჩემი მეუღლე, რომელიც არჩენს ოჯახს" აცხადებს მაია ნადირაშვილი

შეგახსენებთ, რომ ქვემო ბოდბეში, 56 წლის პაატა მაჭარაშვილმა, 31 წლის კობა თარაშვილი ორი დღის წინ, სანადირო თოფით დაჭრა. შემთხვევას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც წისქვილში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჩხუბი 2 ტომარა ხორბლის გამო დაიწყო. დაჭრილი სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილია. მისი ოჯახი ამბობს, რომ ჩხუბი მაჭარაშვილის მხრიდან გინებას მოჰყვა. ამჟამად დაჭრილი თარაშვილი საავადმყოფოში იმყოფება, მისი მდგომარეობა მძიმეა. მას ჭრილობა მხრის არეში აქვს მიყენებული.

ბრალდებული მაჭარაშვილი კი ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალს დღეს წარუდგენენ. გამოძიება მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი