"ქართული ოცნების" წევრის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, 19 საარჩევნო უბნის შედეგები გადაითვალა, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა და მისი მტკიცებით, არსად მნიშვნელოვანი ხარვეზები არ ყოფილა. ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
"საოლქო საარჩევნო კომისიებში დინამიურად მიმდინარეობს ამ საჩივრების განხილვა და უპრეცენდენტო რაოდენობა, 19 საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლა მოხდა. ალბათ, ნაწილი ამ საჩივრების გადაინაცვლებს სასამართლოში, სადაც ასევე გაგრძელდება განხილვის პროცესი. შეგახსენებთ, რომ გადათვლილი უბნებიდან ჯერჯერობით არსებითად მნიშვნელოვანი ხარვეზები არსად არ გამოვლენილა, მითუმეტეს, გამოვლენილი დარღვევები ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს არათუ ეროვნული მასშტაბით, არამედ საუბნი, ლოკალური მასშტაბითაც კი",- თქვა გიორგი ხელაშვილმა.
ხელაშვილის განმარტებით, საჩივრების ნაწილის განხივლაზე უარი კომისიებმა იმიტომ თქვეს, რომ საჩივარს არაუფლებამოსილი პირები წარადგენდნენ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამაც და არასამთავრობოებმაც ამ თემასთან დაკაშვირებით სასამართლოებს სარჩელებით უკვე მიმართეს და სამართლებრივი დავა დაიწყეს.