ფიგურალურად, თუ ჩვენი სილა ვინმეს არ მოხვდა, მუდმივად გაგვიყალბებენ - ნინია კაკაბაძე არჩევნებზე

გამოქვეყნდა:

ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვიდეთ ამ ჭაობიდან, თორემ ერთადერთი, რაშიც მოქალაქეები მივიღებთ მონაწილეობას, ამ ქვეყნის დაჭაობება იქნება, - ასე პასუხობს "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი" ნინია კაკაბაძე წამყვანის შეკითხვას, რატომ არის აუცილებელი, მოქალაქეები აქტიურები ვიყოთ  მაშინ, როცა ხელისუფლება არჩევნებს გვიყალბებს. 

შეიძლება, წინა წლებში არანაკლებ ყალბდებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახლაც უნდა გადავყლაპოთ, მოვითმინოთ. ფიგურალურად, თუ ვინმეს ჩვენი სილა არ მოხვდა სახეში, მუდმივად გაგვიყალბებენ და ამ ქვეყნის მოქალაქეები, ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობის ნაცვლად, ერთადერთი, რაშიც მონაწილეობას მივიღებთ, ამ ქვეყნის დაჭაობება იქნება - ამბობს ნინია კაკაბაძე. 

მისი თქმით, ერთმა ადამიანმა - ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად ის გააკეთა, რაც უნდოდა, ანუ მას არ სჭირდებოდა ამ ეტაპზე საკონსტიტუციო უმრავლესობა და მხოლოდ იმდენი მანდატი სურდა, რომ მთავრობა დაეკომპლექტებინა. 

სკეპტიკოსები რომ ამბობდნენ, ბიძინა ივანიშვილი იმას გააკეთებს, რასაც უნდაო, მართალი აღმოჩნდნენ, ზუსტად ასე მოხდა - ამ ეტაპზე მას არ სჭირდებოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა და სჭირდებოდა ზუსტად იმდენი მანდატი, რომ ხელისუფლება დაეკომპლექტებინა. მე რომ დღეს "ქართული ოცნების" მომხრე ვიყო, მეც კი გავიდოდი ხვალ რუსთაველზე, რადგან მე ვისაც ვგულშემატკივრობ, იმანაც მინდა პატიოსნად მოიგოს და არა გაყალბებით, დაშინებით, მოსყიდვით და ე.წ. ძველი ბიჭებით, - თქვა ნინია კაკაბაძემ.

მისივე თქმით, პრეტენზია აქვს არა "ქართულ ოცნებასთან", არამედ ივანიშვილთან, რადგან გადაწყვეტილებებს ამ ქვეყანაში  ბიძინა ივანიშვილი იღებს.

ამ ერთმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ეს ქვეყანა არის მისი ბოსტანი და სადაც მოუნდება, გადაგვრგავს, თუ მოუნდება, გაგვახმობს, თუ მოუნდება, წყალს დაგვასხამს... წარმოუდგენელია, ასე ხდებოდეს 21-ე საუკუნეში, ამიტომ ამას კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ "არა" და ამ ერთმა ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ არ შევეგუებით, ის იჯდეს სადღაც, შუშის სასახლეში და ჩვენს ნაცვლად იღებდეს გადაწყვეტილებებს", - თქვა ნინია კაკაბაძემ გადაცემაში "დღის სტუმარი". 

ნინია კაკაბაძემ მოქალაქეებს 8 ნოემბერს, რუსთაველზე გასვლისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ  "თუ გვექნება პირბადე და დავიცავთ მინიმალურ დისტანციას, არაფერი საშიში არ არის, ამიტომ ამ ერთხელაც უნდა გავიჭირვოთ". 

შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა, ცესკომ არარეალური შედეგები გამოაქვეყნა, რასაც არჩევნებიდან რამდენიმე საათში პროტესტი მოჰყვა.

გასაჯაროვდა ასეულობით შემაჯამებელი ოქმი, სადაც ელემენტარული ბალანსი არ ჯდება, ცესკოს კი მონაცემები სწორედ ამ ოქმების მიხედვით აქვს შედგენილი.

საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ასევე საოლქო კომისიების გადაწყვეტილებებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, სადაც ოპოზიციის მიერ შედგენილი საჩივრების 90% განუხილველი დარჩა. თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, წყალტუბოში, ბათუმში ხალხი საოლქო კომისიების შენობებთან მივიდა. იყო პოლიციასთან დაპირისპირების ფაქტებიც,

სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ათზე მეტი ადამიანი, მათ შორის, მაჟორიტარობის კანდიდატები დააკავეს, რისი უფლებაც არ ჰქონდათ ცესკოს ნებართვის გარეშე. ამჟამად დაკავებულთა უმრავლესობა გათავისუფლებულია.

ოპოზიცია მასობრივ გაყალბებაზე აკეთებს აქცენტს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაყალბების დამადასტურებელ ფაქტობრივ მტკიცებულებებს აწვდის. ეუთო/ოდირის, ასევე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები არჩევნებთან დაკავშირებით, უმეტესწილად, კრიტიკული იყო.

ოპოზიციამ 8 ნოემბერს, კვირას, რუსთაველის გამზირზე გრანდიოზული აქცია დაანონსა და აცხადებს, რომ გაბრაზებული ხალხისგან ხელისუფლება პასუხს სწორედ 8 ნოემბერს მიიღებს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი