"სრულიად ფსკერი" - გობეჯიშვილის გარდაცვალებაზე "ოცნების" ბრალდებებს ხატია დეკანოიძე პასუხობს

გამოქვეყნდა:

ენმ-ის ერთერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე საგანგებო ბრიფინგზე ეხმაურება "ქართული ოცნების" ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობა ენმ-ს ეკისრება. 

გარდაცვლილის ოჯახისადმი თანაგრძნობის გამოხატვის შემდეგ ხატია დეკანოიძემ ამ ბრალდების გამხმიანებლებს "კობახიძის ადიუტანტები", ხოლო "ოცნებას" ფსკერი უწოდა. 

"არ ვაპირებდი ამ თემაზე საუბარს, მაგრამ ქართული ოცნების კიდევ ერთ ამორალურ ფსკერს, კობახიძის ადიუტანტებს უნდა გამოვეხმაურო, რომლებიც ადამიანის სიცოცხლეს პოლიტიკური მანიპულირებისთვის იყენებენ. გაყალბებული არჩევნების შემდეგ, უამრავ ადამიანზე, კომისიის თავმჯდომარეზე, წევრზე, რიგით მოქალაქეზე ზეწოლის შემდეგ, ქართულ ოცნებას ჰყოფნის იმდენი თავხედობა, რომ გამოვიდეს და ადამიანის სიცოცხლით მანიპულირება დაიწყოს. ეს არის განცხადება ფსკერს ქვემოთ", - ამბობს ხატია დეკანოიძე გიორგი ხელაშვილის განცხადების პასუხად. 

ენმ-ის ლიდერი ქართული ოცნების წარმომადგენლებს მიმართავს, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოში ბიძინა ივანიშვილის, კობახიძის და სხვა ჯამბაზების სახელით ლაპარაკობენ და რუსეთის გავლენას ატარებენ:

"რა გჭირთ ხალხო, რა დაგმართნიათ, ნუთუ ელემანტურული მორალი, ადამიანობა არ გაგაჩნიათ? ელემენტარული შინაგანი შეგნება არ გაგაჩნიათ იმის, თუ რა დღეშია ახლა გარდაცვლილის ოჯახი? მივმართავ კობახიძის ადიუტანტებს, თქვენ ხართ ფსკერი, სრულიად ფსკერი, ეს არის წარმოუდგენელი ამორალურობა, რასაც თქვენ აკეთებთ იმ ფონზე, როცა საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედის ხმები გაყალბებულია", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

ენმ-ის ლიდერის თქმით, დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება აუცილებლად ჩატარდება, როხცა ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდება ხელისუფლებას.

"ეს არის ის, რითაც თქვენ თავი დაამახსოვრეთ ხალხს, როცა 2012 წელს გამოხვედით და თქვენი აქტივისტები ყვიროდნენ და ბარბარე რაფალიანცის მკვლელობას აბრალებდნენ პოლიტიკურ ოპონენტებს, მაგრამ დღეს სხვა დროა, სხვა ვითარებაა, იცოდეთ, რომ თქვენი დღეები დათვლილია, არავინ გაპატყიებთ იმას, რაც გააკეთეთ 31 ოქტომბრამდე, 31 ოქტომბერს და რასაც აკეთებს ცესკოს თავმჯდომარე დღემდე, ბიძინა ივანიშვილის დავალებით", - თქვა მან საგანგებო ბრიფინგზე. 

შეგახსენებთ, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი დილით, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს. 43 წლის გობეჯიშვილის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა. ის კომისიის თავმჯდომარედ 2006 წლიდან მუშაობდა.

ასევე შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების ახალმა სახემ, გიორგი ხელაშვილმა დღეს განაცხადა, თითქოს გარდაცვლილ კომისიის თავმჯდომარეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები რეპრესიებით ემუქრებოდნენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი